ჩეჩენი გოგოს ლექსი
შავმა ამიკრა ბაგე და სუნთქვა.
კლდის მიწაზე რომ დამითესეთ ნაღმის პურები,
უბეში მიდევს და თითებით ვეფერები -
ჭაბუკი ქმრის მკვდარი მკერდივით.
არც წამწამი, არც ცრემლის წვეთი
არ მოწყდება რკინის გუგას. ჩემი ნაწნავი
დახვევია ალაჰის მაჯას. კლდის ნატეხი
მიდევს უბეში და თითებით ვეფერები,
ჩემი შვილის მკვდარი შუბლივით.
მე ვარ მძევალი ამ მძევლების. მძევალი -
ტაშის ექოებით სავსე დარბაზის - კლდის დარბაზებში
მომსკდარი ტყვიის ექოებით, ავი ზარით რომ იფარება.
უბეში მიდევს სიძულვილი და თითებით ვეფერები,
როგორც ხსოვნას ჩემი მკვდარი სიყვარულისას.
მკვდარი სამშობლოს, მკვდარი ღმერთის,
მკვდარი ქალის კივილი - თქვენთვის სასურველი -
მკვდარია ჩემში; და ჩემი ტვირთიც - თქვენს ტრამალში
თუ ჩაიმარხა, ალალი იყოს - ნაღმის პური,
კლდის ნატეხი, სიძულვილი - ამოცლილი ჩემი უბიდან.