მერვე დღე
ამოიკემსა სულ თეთრად - შავზე.
არ შველის სრული გაძვალტყავება
და რა თქმა უნდა, ნაკლები შანსი
აქვს, ვინც სამყაროს მუცლით ეხება
და ხორცის ცხენზე მთელს ფსონებს ჩადის,
ვისაც თვალს სტაცებს ქვები, ფეხები,
თუ საცობების პრიალა ჯართი -
სამსახურიდან - სახლამდე
(შანსი -
ნემსის ყუნწიდან გაექცეს ამ წრეს,
არ დაგვირისტდეს არც თეთრად - შავზე,
და არც პირიქით -
ამ ნაწერივით)
ჩავცქერი - დროის კარგვას, გაშვებას
სიტყვების - გზებზე - გულის მუჭიდან -
ჩაბნელებას და გაკაშკაშებას -
სადღეღამისო სადგურის - კუჭის.
ისევ შვიდი დღე. წმინდა სცენარით
გამორიცხული აწმყო - გაღწევა -
ერთადერთ დროში.
მცენარეებიც -
ქარის ნებაზე - დღეებს არწევენ
და რა თქმა უნდა, ნაკლებს სცოდავენ,
დაუწერელზე რადგან არ წერენ.