სიყვარულის დაზგა
მე შემიძლია ყველგან გნახო -
ჩემთან იომე!
ვამრავლებ სტროფებს გატაცებით
და უკანონოდ
ამ ხორხით ვხერხავ ნამსხვრევ-ნამსხვრევ
საშიშ სტრიქონებს,
რომ ჩემ დაზგაზე გადაჭრილი
ხმა გაგაგონო -
ნადარბაზევი შემომაკვდა ტაში ზევიდან!
თვალი-თვალის წილ იწურება ჩემი მარცვალი,
ზღვარზე შემდგარი ვწვავ ღამეებს -
დილას ვერ ვიტან,
ვერ ვიტან დღეებს ღამეებით გაუმაძღარი.
მე შემიძლია დაგიხარო თავი მიწამდე,
ცაზე მიზანში ამოვიღო ბევრი ვარსკვლავი,
მე შემიძლია ყველაფერი, რაც განვიცადე!
რაც ვერ შევძელი, სიზმარივით წყალს გაატანე...