* * * სად არ ვიყავ, სად არა
ცხრა მთა გადამატარა
ეტლმა წუთისოფლისამ...
მაგრამ, კარგო, იცი რა?
გულმა ვერ მოიცილა
ნატვრა შენთან ყოფნისა.
უცხო ცაზე მნათობნი
კიაფობენ ათობით,
მზესაც ოქროს ფერი სძევს...
მაგრამ სულ სხვა რამ არის
სხივებნათამამარი,
საქართველოს ცხელი მზე.
ვნახე მტერთა ციხენიც,
ჩვენი დარტყმით ფიცხელით
მათი ბჭე შეზრიალდა.
მაგრამ სულ სხვა რამ არის
ციხე-კოშკი თამარის,
მთაზე მდგარი ზვიადად.
და ლამაზი ქალებიც,
ვნებით ფერმიმქრალები,
თითქოს ვარკვლავებია...
მაგრამ ტრფობა ამათი,
ავხორცი და კვიმატი,
გულს არ გაჰკარებია.
სად არ ვიყავ, სად არა,
შენი ლანდი პატარა
მუდამ გვერდით დამდევდა.
ჩემს სიხარულს იყოფდა
და თუ სევდა მიხმობდა,
ისიც დაიდარდებდა.
მოველ, შენთან მოველი,
განა რამეს მოველი,
სიყვარულის ზღაპარო?!
მინდა თვალებმზიანი,
გულის თანაზიარი,
ბედის ვარსკვლავს გადარო.
სად არ ვიყავ, სად არა,
ცხრა მთა გადამატარა
ეტლმა წუთისოფლისამ.
მაგრამ, კარგო, იცი რა?
გულმა ვერ მოიცილა
ნატვრა შენთან ყოფნისა.