პასუხები
I
მე ვიტყუებოდი,
მაგრამ ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ
ტყუილი არასოდეს მითქვამს
და ტყუილი მხოლოდ სიმართლეს გამომათქმევინებდა.
ვინმეს რომ ეკითხა:
"რა არის ჭეშმარიტება?"
ვუპასუხებდი - დუმილი,
რადგან სხეულში ვგრძნობდი ტყუილის ლოდებს,
როგორც ორსულობას...
II
მზე ჩავიდა,
ცასთან ერთად განიწმინდა ჩემი სული
და მზე ჩავიდა სხეულში.
III
მსურს შენთან ვიყო.
მიწას ვეყრდნობი
და სიცოცხლეა.
მისი სიღრმიდან შემეხება მწერი ან მატლი.
ბალახს მოვწყვეტ და
არსებობას ვაგრძნობინებ მიწის ზედაპირს -
შენი ფხვიერი ტანი იქნება.
გკითხავ: სადა ხარ?
და მიპასუხებ -
შენ მე გიყვარდი?