ლობჟანიძე გიორგი
გაზიარება

ლოტოსის ზანზალაკი 

გასუქებულა ჩემი ძველი შეყვარებული,
ერთი შეხედეთ:
სავსე მთვარეს დამსგავსებია!
როგორ უხდება
როგორ შვენის
და ალამაზებს
ათქვირებული, ატეხილი ხორცის თახთახი.
როგორი ურცხვად იფურჩქნება საკუთარ თავში -
როგორც ლოტოსი,
ჭაობიდან ამოყვინთული,
საყოველთაო სიშავეში თეთრად მფეთქავი.

როგორ მიყვარდა ჩემი ძველი შეყვარებული,
ხილულ-უხილავს შორის
უხმოდ დავბარბაცებდი,
ჩემს თავს შიგნიდან ვაწყდებოდი გალიასავით,
კრთებოდა სული
და ხორცის გარსს აზანზარებდა.
და მთელი ღამე წკრიალებდნენ ზანზალაკები...

ღმერთო, დალოცე ჩემი ძველი შეყვარებული,
მეტად და მეტად გაასუქე, გააფუფუნე,
ნაპირებიდან გადატყორცნე, გადაიყვანე
უყურადღებოდ დარჩენილი პურის ცომივით,
რომ არასოდეს არ ივარგოს გამოსაცხობად
ცომადვე დარჩეს, სათანადოდ მოუზელავი.

მე ხომ მოვზელდი,
წამით თავს არ დავანებებდი
და ნაზუქივით ჩავაკრავდი ვნების თონეში.

ღმერთო, დალოცე ჩემი ძველი შეყვარებული...
ის ლოტოსი - ჭაობიდან ამოყვინთული,
საყოველთაო სიშავეში თეთრად მფეთქავი,
ახლა ასე უიმედოდ გასუქებული,
კიდევ უფრო გაასუქე,
დაამახინჯე,
რომ არცერთ კაცს არასოდეს აღარ მოუნდეს
მისი შეხედვა, ხელისხლება, კოცნა, ალერსი,
ათასი წელი სამყაროში ახეტიალე,
მარადის ვნებადაუმცხრალი, ტანატეხილი,
რომ ვნებისაგან ჟღრიალებდეს,
როგორც ლოტოსის
ზანზალაკი _
დროზე ადრე გაფუებული,
ვარცლის პირიდან გადმოსული
ცომისაგან გამოძერწილი...

??????