ხომალდის სონეტი
ლექსის ფურცლები დავუყენე ანძას აფრებად
და თუ ოდესმე ლექსთგამრიგეს ამ ხომალდს მივგვრი,
სხვა დანარჩენი ყველაფერი მეარაფრება.
ავაფრიალე აფრები და ოცნებად ვიქეც,
თავბრუს მახვევს და თან მიტაცებს ჩემივ სილაღე,
მე გადავლახე ყველაფერი აქაც და იქაც
და საკუთარი არსებობაც გადავილახე.
ჩემთვის ჩვეული არის განცდა განშორებათა,
ნივთთან, საგანთან, მოვლენასთან, ქალთან თუ კაცთან,
ბევრჯერ დავკარგე ყველაფერი, რაც რამ მებადა
და აღარ მზარავს ნაკლულობის რაიმე განცდა.
ახლაც მივქრი და ძალა მეყოს იქნებ იმდენი,
მიმეღწევინოს იქ, საითაც ფიქრებს მივდენი.