კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

უკუმიხედვის სონეტი 

რად იყურები, ორფევს, უკან, განაკვირვები?
რას ნიშნავს შენი შებრუნება და შეჩერება?
რატომ ირწმუნე პანთეონის დანაპირები,
წარმართულ ღმერთებს განა რამე დაეჯერებათ?!

რატომ ჩახვედი ევრიდიკეს დასაბრუნებლად
და თვით ჰერმესიც გააწბილე, მისი მხლებელი.
იგულმავიწყე წარმავალი კაცის ბუნება
და გულუბრყვილოდ მოინდომე შეუძლებელი.

მე ვინც მაკლია, ქვეყნად მათი გზა-კვალი არ ჩანს,
და მათ საძებნად ვიცი, არ ღირს მთა-ბარს მოდება,
რადგანაც ყველა, სიცოცხლეში ვინც უკან დამრჩა,
ახლა, მიღმიერ ცხოვრებაში, წინ მელოდება.

და იმის ნაცვლად, რომ მეჩივლა ანდა მედავა,
ამაქვეყნიდან მივალ უკანმოუხედავად.

??????