კაჭარავა კარლო
გაზიარება

* * * როცა სინათლე კლებულობს, როგორც ჩანს, საღამოვდება 

როცა სინათლე კლებულობს, როგორც ჩანს, საღამოვდება.
როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასთმიანები ცუდ სიგარეტს ეწევიან
მეექვსე სართულზე კიბეების მარშთან.
როცა შეშინებული, შეუხედავი და ცუდად ჩაცმული ქალიშვილები
გარბიან სადღაც - ალბათ მეტროსაკენ.
და "გარე განათება" ისევ არ ირთვება, ან საერთოდ არ ჩაირთვება.
ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი საკმაოდ სწრაფი ნაბიჯით
მიდის სამედიცინი ინსტიტუტის გასწვრივ
და გვერდზე ძაღლი მისდევს ქარისგან ბალანაშლილი.
არ გაანათებს ფერადი ნეონი ნინოშვილის სახეს.
ზურგზე არ გადაურბენს სასწაულებრივად შემორჩენილი
ღამის ტროლეიბუსის სარკმელთა წყვეტილი შუქი -
მეტყველებაწართმეულ მგზავრთა უარაფრო მზერით.
მწერალი კითხულობს ბაადურ მონჰოფის ქრონიკას -
და უყურებს გ. რიხტერის სურათის რეპროდუქციას.
იაფი ფირფიტების საკრავი ციხის იატაკზე.
ნინოშვილს მოესმის რაღაც უცნაური მუსიკა,'
რომლითაც ვიღაც მიესალმება ღამეს:
ვერშემდგარი მოულოდნელობებით,
ვერშემდგარი თავგადასავლებით,
ვერშემჩნეული სატრფოებით, ცუდი ფეხსაცმელებით,
ცუდი პალტოებით, ცუდადმყოფთა სევდით.
ო, რიხტერისეული ფირფიტებსაკრავი
ჯადოსნური ფლეიტის ნაცვლად,
იქნებ ამ მუსიკით გამოიტყუოს ნინოშვილმა მიმალული
ენაწართმეული პროლეტარიატი?
და ატაროს ის ინფექციური საავადმყოფოდან,
ონკოლოგიური საავადმყოფოდან რესპუბლიკური საავადმყოფოსაკენ -
და ისევ ინფექციურისაკენ, თუ სისხლის გადასხმის ინსტიტუტშიც
გაიარონ, რომ იქვე შეიერთონ პურის ქარხანასთან საათობით
მომლოდინეთა დიდი, დაოსებული რაზმი?
აი, ჭეშმარიტი ოქროს პილიგრიმნი, აი მართალნი.
აი, მათი გაყინული ძვლები.
ბრბო, თოჯინის მექანიზმი, მოსამართავი.
პურის რიგში მდგომთა შვილნო!
ვისი სურათები ამკობს თქვენს კედლებს?

1992

??????