ინფანტას მთვარეულს
და მე აზიის ავი თავადი.
გაკრთობთ ხმაური ქვები კრიალის
და შორს ვერცხლივით ბრწყენს ირავადი.
ცხელ ესპანელთა გედური ყელით
გახვალთ ეკვატორს,ახალ რადიუსს.
და ჰაშიშებით ყოველთვის ელით-
სიზმრებს უხილავს და მარადიულს.
შხამიან ისრით და ბუმერანგით,
ტეხავს ინდუსი უვალ სავანნებს.
ყვითელ პალმებში ღია პერანგით
მე დედოფალი დღეს დამავანებს.
იწვის ბენარეს საფირ-ლალებით.
ბუდდა გადადის მშვიდ მლოცველებში
და ბედუინი აქ გამალებით
სირაქლემებზე მიჰქრის ველებში.
მე ამ სამოთხეს ძმურად დავენდე.
გამბანს ცოდვისგან ტალღები განგის.
აქ მზეებია და დემავენდი
და სხვა ქვეყნები ღვთაებრივ ბანგის!