კაიშაური რუსუდან
გაზიარება

ღიპიანი საზამთროა 

ღიპიანი საზამთრო
ჩემი სამშობლოა,
ამწვანებული - ტკბილი.
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
წყლებით, მინერალებით.
დაზოლილი გზებით,
რომლებიც სადღაც ერთდება,
თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ.
გატყაპნილი ლაქები
ჩვენა ვართ,
ვინმე რომ გვათვალიერებს
ვხვდებით და ფორმას ვიცვლით.
ადრე სამშობლო გრძელი იყო,
მუთაქასავით თავქვეშ ამოდებული,
ხალხიც თუ ფეხზე იდგა,
ზეცისკენ იყო წაგრძელებული.
მერე ხელებს ღონივრად უჭერდნენ,
უტყაპუნებდნენ:
დამწიფდა თუ არაო
და გასკდა, პირი დააღო საზამთრომ.
რა საზარელია გახლეჩილი საზამთრო!
ჭირისუფლებმა უფრო დააპატარავეს
თავიანთი გარშემოვლებით.
ცრემლი კი არა, ნერწყვი სდით.
სამშობლო და მისი ჭირისუფლები
ერთმანეთის შეჭმაზე
უარს არ ამბობენ.

??????