იათაშვილი შოთა
გაზიარება

ღარიბთა გვერდით 

კარლო კაჭარავა. ორტომეული. I ტომი: პოეზია. II ტომი: ესეისტიკა.
გაფორმებულია ავტორის ნახატებით.
რედაქტორი: თინანო თევზაძე
ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობა. 2006 წელი.

ცხოვრობდა ასეთი ადამიანი XX საუკუნის ბოლოს საქართველოში: მსოფლიო კულტურის გენეზისი და აწმყოს ძირითადი ტენდენციები ათვისებული ჰქონდა და არცთუ იშვიათად მისი მომავლის განჭვრეტასაც კი ცდილობდა საახლობლო წრეებში მის მიერვე გაჩაღებულ იმ მგზნებარე საუბრებში, ხშირად მონოლოგებშიც რომ გადაიზრდებოდა ხოლმე და ნაცნობ-მეგობრებიც, ბოლომდე მინდობილნი მისი მჭევრმეტყველების წამლეკავ ენერგიას, მონუსხულნი ორატორის სათქმელთა უკიდეგანობით, წვდომის სტილით, მახვილგონივრულობით, საჭიროების შემთხვევაში მწარე ირონიითაც კი, მისი ტალანტის თაყვანისმცემელთა რიგებში ეწერებოდნენ სასწრაფოდ, თუმც ხდებოდა ისეც, რომ ზოგიერთში, ყოველივე ამის შემხედვარე, ბოღმა და შური იძალებდა ხოლმე და აღარ ეპიტნავებოდათ ეს სიმართლის პირში მთქმელი ადამიანი.
გარდა მრავლისმომცველი და მრავლისმომცემი დაუღალავი საუბრებისა, ეს ადამიანი უსაშველოდ ბევრს ხატავდა და ძალიან ბევრს წერდა. წერდა როგორც თანამედროვე ხელოვნებასა თუ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე, ასევე საკუთარ, გამორჩეულ, ძნელად მოსახელთებელ პოეზიას... ეს ადამიანი, ამდენის მქნელი და ცხოვრებისაგან უკვე შემელოტებული - და ამ შემელოტებული სურათ-ხატის თავადვე უთვალავჯერ გადამყვანი საკუთარ ფერწერულ და გრაფიკულ წამუშევრებსა თუ პოეტურ სტრიქონებში (მაგ: "ქალაქში მელოტი თავით დავეშვი მისი ბავშვური სხეულისაკენ.") - იყო არა ვინმე 50-60-70 წლის ბრძენკაცი, არამედ 27-28-29 წლის ბიჭი, სახელად კარლო კაჭარავა, რომელიც 30 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. დაიღუპა უაზრო და სასტიკი სიკვდილით, სწორედ ისეთით, როგორიც ეს წლები, ეს ეპოქა იყო და სისასტიკის გამოვლინებებში სამწუხაროდ იგი კვლავაც გრძელდება:

"ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა -
მე თავზე მეხურა კაშნე და ზემოდან -
(ძველი) გაყინული სისხლის ქუდი.
არბატზე მოდიოდა სველი თოვლი და
სამი მილიციონერი.
მე ვფიქრობდი: აჰა, შენი მემარცხენეთა ხელოვნების ოქრო,
რომლის შესახებ ლაპარაკობდი თბილისის ტელევიზიაში.
აჰა, არალეგალური ცხოვრების ჩრდილოური ხიბლი.
აი, მეტროს ის სადგური, სადაც გონის დაკარგვამდე გცემეს.
და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარეს
სამხრეთ კორეული ბათინკები გაგხადეს."

ასე აქვს მას თავად აღწერილი ის სცენა, რის შემდეგადაც თბილისში ჩამოსულს თავის ტვინის ორი ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ მაინც არაფერმა უშველა...
მაშინ, 1994 წელს, მისი ეს ასაკი ტრაგიკულად კი ჟღერდა, მაგრამ არცთუ დაუჯერებლად. მერე და მერე, მისი შემოქმედების რაც უფრო მეტი ნაწილი ნახულობდა მზის შუქს, ავტორსა და მის ასაკს შორის ადეკვატურობის დაჭერა სულ უფრო ძნელი ხდებოდა. შარშან გამოცემულმა ორტომეულმა კი ეს ზრდადი ნაპრალი პირდაბჩენილ უფსკრულად აქცია. კარლო კაჭარავას შემოქმედების ლიტერატურული ნაწილი (განსაკუთრებით პოეზია) მხატვრობასთან შედარებით საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი... მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ იყო ცალკეული მნიშვნელოვანი პუბლიკაციები ("მესამე გზის" სპეციალური გამოშვება 1994 წელს, საარქივო მასალების ბეჭდვა 2002-2004 წლებში "ალტერნატივაში"), ამ ორტომეულში უკვე რელიეფურად გამოიკვეთა კარლო კაჭარავას, როგორც პოეტის, მოაზროვნისა და კულტურტრეგერის ფენომენი. მისი პიროვნების ის მასშტაბი, რაციონალური გონებით ვერანაირად რომ ვერ მოდის თანხვედრაში მის ასაკთან. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორტომეულში შესული ტესტები მცირე ნაწილია იმ საარქივო მასალისა, რომელიც ჯერაც ელის გამოქვეყნებას.
კარლო კაჭარავას პოეზიის გაშიფრვა, მისი ესთეტიკურ-ეთიკური ვექტორების ზუსტად ფიქსირება იოლი და მოკლევადიანი სამუშაო არაა. ამჯერადაც მე მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლები, რაც წლების განმავლობაში მის პოეზიაზე ფიქრისას თან მდევს. ჩემი აზრით ის პირველი ქართველი ჭეშმარიტი დოკუმენტალისტი პოეტია, ეს დოკუმენტალიზმი კი მასთან უკვე არაა აღწერის სწორხაზოვანი მეთოდი და იყენებს მომხდარის მოყოლის სრულიად პოლარულ საშუალებებს, ახდენს რეალურისა და ირეალურის, მიწიერისა და ზეციურის დამაჯერებელ სინთეზს, რის შედეგადაც მოვლენის (თუ მოვლენათა) სურათ-ხატი თავისი სისათუთითა თუ შემზარაობით წლის, დღისა თუ წამის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ეპოქის დოკუმენტად ფორმდება. თავად ავტორი საკუთარ დოკუმენტალისტობას, ვფიქრობ, მშვენივრად აცნობიერებდა, ამის ნიმუშია თუნდაც მისი პოემა სახელწოდებით "დოკუმენტური ფილმი". მსგავსად ძიგა ვერტოვის "კინოთვალისა", კაჭარავასეული უნიკალური "პოეტური თვალით" დანახული ყოველდღიურობა, შეიძლება ითქვას, რომ, რაც დრო გავა, სულ უფრო და უფრო იქცევა პოეტური დოკუმენტალისტიკის კლასიკად.
მისი ლექსები გადავსებულია მისი მეგობრებით, შემთხვევითი ნაცნობებით, იმ წიგნებით, რომლებიც მის მიერ ლექსის წერის ჟამს იკითხებოდა, იმ თანამედროვე ხელოვანებით, ვისთანაც მას მუდმივი სულიერი დიალოგი ჰქონდა გაბმული. ანუ, ჭეშმარიტი დოკუმენტალიზმისათვის თითქოსდა მისი ლექსები მეტისმეტად სუბიექტურია, ავტობიოგრაფიულია, მაგრამ არა, სწორედაც რომ პირიქით: ლექსი "სიყვარული კომენდანტის საათის დროს" კომენდანტის საათების თბილისური პერიოდის ამაღელვებელ დოკუმენტად ვერ დარჩებოდა გრძელლაბადიანი, ღიპიანი შალვას გარეშე, რომელიც "მღეროდა ორ ბოთლ არაყზე", და ვერც "პურის ქარხანასთან საათობით მომლოდინეთა დიდი, დაოსებული რაზმი" აღიწერებოდა ასე გულშიჩამწვდომად ეგნატე ნინოშვილის აჩრდილის გარეშე, რომელიც "ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს".
თუმცა კი ეგნატე ნინოშვილი, რომელიც ლექსიდან ლექსში მოძრაობს XX საუკუნის დასასრულის გასაცოდავებული მშობლიური პროლეტარიატის დასახმარებლად, საუბრის სულ სხვა თემაა და კაჭარავას შემოქმედების განმსაზღვრელ ორიენტირთაგან ერთ-ერთის სიმბოლოდაც შეიძლება მივიჩნიოთ. ეს ორიენტირი კი, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ენდი უორჰოლით, იოზეფ ბოისით, ანსელმ კიფერით, ალენ გინზბერგით, პაულ ცელანით, სიუზან სონტაგითა და მსგავსი კონტემპორარული არტ-სახელებით დაძეძგილი ტექტების ავტორისაგან, არის წარსული და ის ეროვნული სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც მისთვის თანამედროვეობის განუყრელი ნაწილია და რომლის გარეშეც ვერანაირად ვერ შედგება იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც "დაიბადა ფოთის ელევატორთან".
კარლო კაჭარავას იმ წარსულიდან "თავისიანები" ჰყავს დაგულებული და ვინაიდან მასში სოციალური ნერვი უკიდურესად მძაფრია, არაა გასაკვირი, რომ ისინი უმეტესწილად "ხალხოსნები", პროლეტმწერლები, ბეჩავი ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენლები იყონ. ფორმაციათა ცვლილებების, ომისა და გაპარტახების წლებში ეგნატე ნინოშვილისა თუ ჭოლა ლომთათიძის აჩრდილების გამოხმობა მისი, როგორც დოკუმენტალისტის მაგიური რიტუალია, მათი შემწეობით იგი თავადაც "ხალხოსანი" ხდება, ხდება პროლეტმწერალი, თუმც საკმაოდ უცნაური, არცთუ ყველასათვის გასაგები ენით მოლაპარაკე, თითქოსდა ელიტარული ცნობიერებიდან გამოსული, მუშებზე, ჯარისკაცებზე და ონკოლოგიურის ავადმყოფებზე რომ წერს, რომ წერს ბოლოს და ბოლოს, არც მეტი არც ნაკლები, "ღარიბი სიზმრების" მთელ ციკლს. კარლო კაჭარავა წინაპარ პროლეტმწერლებზე უფრო შორს მიდის: თუ ისინი ღარიბი რეალობის აღწერას ცდილობდნენ, ის საკუთარი პოეზიისათვის სიზმრებსაც კი ღარიბს არჩევს!.. ის წერს პროლეტარ ფერიაზე ლენინგრადიდან, წერს მშვენიერ ქართველ ქალზე, "რომელიც ჰგავდა პურს ღარიბ სამზარეულოში", წერს იმაზე, რომ "სამხრეთ აფრიკის მაღაროებში თეთრი და შავი მემაღაროები ერთი ფერისანი არიან", ან სულაც იმას, რომ "ჩემი სატრფოა მაღაროს ჯორი" მღეროდნენ ამერიკელი მემაღაროები." ციტირება აქ თითქმის დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ამ ფენომენის ბუნებას ყველაზე იოლად ისევ მისივე ციტატით შევაჯამებთ და ამოვხსნით: "მუშათა არმია უყვართ თავისებურ იდეალისტებს" - ამბობს ერთგან კარლო კაჭარავა და ამით ალბათ ყველაფერია ნათქვამი. სწორედაც რომ მას უყვარს ეს არმია და მათ ბედის ანაბარა არ ტოვებს: ხან მათი გასაჭირის ანაბანასავით მცოდნე ეგნატე ნინოშვილს მოუვლენს მხსნელად, ხანაც კიდევ ციურ არსებებს, ნიმფებს, ანგელოზებს:

"მაშ ასე, ღამდებოდა და ისინი მიდიოდნენ ჭუჭყიანი პარკისაკენ,
საიდანაც მათ შესახვედრად გამოვიდა ვიღაც
შადრევანში დასველებული ფრთებით."

როგორც ზემოთმოყვანილი ციტატებიდან ჩანს, კარლო კაჭარავა არაა რეალისტი პოეტი, მაგრამ დოკუმენტალისტი კი არის, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა დოკუმენტალიზმი რეალიზმის მეტი კონკრეტიზაციაა და ასეთი რამ შეუძლებელი უნდა იყოს. ისე, როგორც არსებობს მიმდინარეობა ჰიპერრეალიზმი, იქნებ ჯობდეს, კაჭარავას პოეზიაც ამის მსგავსად მოვნათლოთ - ჰიპერდოკუმენტალიზმად, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დოკუმენტალიზმი თავისებური იდეალისტის მიერაა შექმნილი. ამ ყველაფერში მთავარი კი მაინც ისაა, რომ ეს გარეგნული ფორმალური მახასიათებლებით ერთგვარი პოსტმოდერნისტული "პროლეტმწერლობა" მისთვის არანაირად არ იყო სტილური თამაში, მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალური ხელწერის მოძებნის მცდელობა, ეს იყო მისი გაუნელებელი ტკივილი, რომელსაც ისტორიის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სულიერი ყოფის ხედვის გამორჩეული უნარი და მათდამი წრფელი თანაგრძნობა ბადებდა.
საერთოდ, კარლო კაჭარავას პოეზიაში საოცრად ბუნებრივად თანაარსებობს ძველი, ახალი და იმდენად ახალი, რომ ქართულ რეალობას ფაქტობრივად მის შესახებ ჯერ წარმოდგენაც კი არა აქვს, თანაარსებობს ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავებული კულტურული სივრცეები: ქართული (მემკვიდრეობითი მეხსიერებით), რუსული (თავისი საბჭოური ესთეტიკით და მასთან დაპირისპირებული ანდერგრაუნდით) და დასავლური (ხშირად გერმანული, რასთანაც მას ხშირად ჰქონდა შეხება და დიდი გავლენა იქონია მასზე, როგორც მხატვრისა და მოაზროვნის ჩამოყალიბებაში). ისინი "ატრაქციონის მონტაჟის" სისხარტით ენაცვლებიან ხშირად ერთმანეთს და ურთიერთზონდირებას ახდენენ, უფრო ნათლად კვეთენ თითოეული ამ კულტურის ეგზისტენციალურ ნიშნებს. ეს ჯერ არაა ის პოსტმოდერნული "დიდი სოფელი", რომელიც მარშალ მაკლუენმა იწინასწარმეტყველა, ეს უბრალოდ ის "დიდი სოფელია", რომელიც 27-28-29 წლის დაბრძებენული ბიჭის, კარლო კაჭარავას ცნობიერებაში არსებობდა იმდენად შთამბეჭდავი სახით, რომ მომავალი თაობებისთვის იგი ეპოქის დოკუმენტად დაიდო.

??????