იათაშვილი შოთა
გაზიარება

Fashiontv 

მოდიან და მიდიან... მოდიან და მიდიან... შორიდან მოეშურებიან, მტკიცე ნაბიჯით მიახლოვდებიან... მიახლოვდებიან, სანამ ჩემს პირისპირ არ აღმოჩნდებიან, ჩერდებიან, წელზე დოინჯს შემოირტყამენ, დაჟინებული მოკლე მზერით მაცქერდებიან, მერე სწრაფად ტრიალდებიან და უკან მიდიან... გავყურებ... თანდათან მშორდებიან და უჩინარდებიან... ნახევრადშიშველ ზურგზე ხერხემლის მალები მოუჩანთ, ოდნავ მოძრავი, ხანდახან რომ ითვლება კიდეც... მერე აღარ ითვლება... მხოლოდ ტანის ნებიერი რხევა და ქვედაბოლოს შრიალი... ნაცნობი სილუეტი, შორეთში რომ იკარგება... თუმც სანაცვლოდ ახალი სილუეტი ჩნდება... მსგავსი... სხვანაირად მოწყობილი, მაგრამ რაღაცით მსგავსი... მოიწევს ჩემსკენ, მიახლოვდება, ეკვეთება შტრიხები, ფერები, ჟესტიკულაცია და განსხვავებულ სამოსთან ერთად ოდნავ განსხვავებული განწყობაც მოაქვს... აი, მოვიდა, აისვეტა, წინანდელივით მოკლე, დაჟინებული მზერით შემომხედა, მაგრამ პირველში თუ გამკილავი გრიმასა კრთოდა, ეს ნაღვლიანი დახატული თვალებით მომაჩერდა, და უცებ ისიც შემობრუნდა, უკან გაუყვა გზას... ველოდი, თუ არ შეჩერდებოდა, შეყოვნდებოდა სადღაც მაინც, წამით მაინც მოაბრუნებდა თავს და გამომხედავდა, მაგრამ არა, ფეხიც არ არევია, ისე გაიარა მთელი მანძილი, ისე მიეფარა თვალს... გული შემეკუმშა, გონებაშიც წასულის რაღაც სურათები გამიკრთა, მაგრამ სხვა მოდის უკვე, მოლივლივე ლურჯ კაბაში, მკერდი გადაჰღეღვია, მოდის, მიღიმის, დამიდგა წინ, გავუღიმე მეც, მოსხიპა უცებ ღიმილი და უკვე მის ბეჭებზე ჩამოყრილ ქერა კულულებს ვხედავ... მიდის ისიც... უსიტყვოდ და უპასუხოდ მტოვებს... ჩაი მოვსვი, გავყურებ... სახელი მინდა გავიხსენო და დავუძახო, მაგრამ არ მახსენდება... აი, ეს კი აჩქარებული ნაბიჯით მიზანმიმართულად მოისწრაფვის ჩემსკენ, სახეზე გაწიწმატება ეტყობა... ფეხებს ერთმანეთში ბლანდავს, ხელჩანთას მოაპორწიალებს, უგემოვნო, ბრჭყვიალებიანი ოქროსფერი კაბა აცვია... თვალი ავარიდე, არა მაქვს ახლა მაგისი თავი... ვგრძნობ, ჩემგან ერთი-ორი მეტრის მანძილზე გაჩერდა, ფეხები გაჩაჩხა და მომაშტერდა, სახეს მიბურღავს თავისი უტიფარი მზერით... სხვები ხელადვე უკან ბრუნდებოდნენ მაინცდამაინც ეს კი ფეხს არ იცვლის, დაყუდებულა და მმჩერებია... არ ვიმჩნევ, ჩაის ვსვამ ვითომ გულგრილად... მიყურებს და გაცეცხლებულმა არ იცის, რა ქნას... შეიძლება ის თავისი სულელური ჩანთაც კი მესროლოს, ყველაფერია მისგან მოსალოდნელი... უარესი იკადრა: მომაფურთხა, შემაგინა და წავიდა... «შენი დედაც!» - გამწარებული ვუყვირი მეც და ლოყიდან მისი პრის ლორწოს ვიშორებ ხელსახოცით...
«რა მინდა ამასთან?"! - ვფიქრობ ანერვიულებული და შეურაცხყოფილი, სიგარეტს ვუკიდებ, ქუჩაში გავდივარ. ქუჩაში არეულობაა. დემონსტრაციები, გაფიცვები... «აღარ დამთავრდა... ამდენი ბრძოლა... სულ ბრძოლა... ყველასთან ბრძოლა... ჯობია ცოტა გავერთო...» ფეხუბრთზე მივდივარ. მაგრამ საკმაოდ უინტერესო თამაშია... და ისედაც: რა არის ბოლო-ბოლო ეს ფეხბურთიც: ერთი და იგივე მოძრაობები, ერთი და იგივე, ამოჩემებული, ასიაათასჯერ მოსმენილი ავადმყოფური ფრაზებით: მილანელებმა აღმართეს ცოცხალი კედელი... მადრიდელებმა წამოიწყეს შეტევა მარცხენა ფლანგიდან... მოატყუა ერთი, მოატყუა მეორე, დარტყმა, არის!.. კონცერტზე გადავდივარ... მერე ფილმის საყურებლად მივდივარ... მაგრამ რამდენიც არ უნდა ვიხეტიალო, სადაც არ უნდა ვეძებო შვება, ვიცი, ბოლოს ისევ მათ უნდა დავუბრუნდე... ვიცი და ეს მაცოფებს... და მაინც ვბრუნდები... ისინი კი, ვითომც არაფერი, ძველებურად გადი-გამოდიან... თანაც გამოუზაფხულებიათ და თითქმის ტიტლიკანები ბიკინებში მიმოირხევიან... მოვიდა, ერთი თითის დადება გამჭვირვალე საბანაო კოსტიუმი აცვია, თეძოებზე დაილაგა ხელები, თავი ოდნავ ზემოთ ასწია, ტუჩები მომუწა და გამომყურებს, თითქოს რაღაცას მანიშნებს... (როგორ მიყვარს ზღვა... მშვიდი, თბილი, ღრმად შესცურავ, ზურგზე გადაწვები, ტივტივებ და სახეზე მზე დაგნათის...) სანამ ამ ფიქრებში ვიყავი, წასულა... შიშველ უკანალს მიათამაშებს... წავიდა, გადაიკარგა... შემდეგი მკერდზე ხელებს იფარებს, დამფრთხალივით გამოიუყრება, ან მეთამაშება, სურს, ამ გზით აღმაგზნოს... მაგრამ... თვალებში ჩავხედე და შევცბი... ისევ ისაა, რამდენიმე საათის წინ ნაღვლიანი დახატული თვალებით რომ მომჩერებოდა... ვარცხნილობა შეუცვლია, თმა კეფაზე აქვს აკეცილი, მაგრამ ნამდვილად ისაა... ახლა მაინც არ გავუშვებ... «გოგო, მოიცა, გოგო...» - ვეძახი... თავპირისმტვრევით გაიქცა, მიიმალა... «ჩემი ბედი რომ ვიცი, ახლა ისევ ის მაწაკი წამოვა და ისევ ურცხვად დამიდგება წინ», - ვფიქრობ... საბედნიეროდ, არა... სხვაა... საერთოდ უცნობი... შემიძლია დავიფიცო, რომ აქამდე თვალით არ მინახავს... და ახლა პირველად შევხედეთ ერთმანეთს... რა არის, ეს რა საშინელი წესია... გაცნობას კი არა, წესიერად შეთვალიერებასაც კი ვერ ასწრებ, რომ უკვე გისხლტებიან, იმ იდუმალ მოუსავლეთში იკარგებიან... არადა, როგორი სანდომიანი იყო, რა ალერსიანად იმზირებოდა... თითქოს მათ არც კი ეკითხებიან ჭკუას... რაღაც დემონური ძალა, მათ რომ მართავს... უბრძანებს და უმალ, სურთ თუ არ სურთ, შენს გვერდით გააჩენს... მერე მეორედ უბრძანებს და ასევენაირად, სურთ თუ არ სურთ, ხელად გააქრობს შენგან... რამდენი წელია, დამტანჯა ამ საშინელმა წყვეტილობამ, ამ დაუსრულებელმა თუ საერთოდ დაუწყებელმა ურთიერთობებმა, ამ სიმრავლემ, ამ სიჭრელემ, ამ შლეგმა მასკარადმა... ვგრძნობ, რომ დიდხანს ვეღარ გავუძლებ ასეთ ტემპს, ასეთ ალიაქოთს ჩემს ცხოვრებაში... ეს რაღაა? ბატებივით ერთ რიგად დაწყობილან ყველანი და კვლავ ჩემსკენ მოეშურებიან... რაღაც უცნაურად მიცინიან... მგონი, მაპამპულავებენ... დამარტყეს მიცვალებულივით წრე და გაუყვნენ უკან იმ მოჯადოებულ ბილიკს... ამ ტაკიმასხარაობაში ვერც კი შევამჩნიე, ის ნაღვლიანთვალებიანი გოგონა თუ იყო მათ შორის... თუმცა რაღა აზრი აქვს... «წადი, ძმაო, სადმე, შეეშვი ამათ!» - ვეუბნები ჩემს თავს... რის... თუმცა, რაღა აზრი. აქვს... «წადი, ძმაო, სადმე, შეეშვი ამათ!» - ვეუბნები ჩემს თავს...
მივდივარ... არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის პრეზიდენტთან... მიზის ცხვირწინ და მექაქანება, როგორ უნდა ავაყვაოთ ქვეყანა, როგორ უნდა დავიწყოთ ბედნიერი ცხოვრება... ვზივარ, კაი ხანი მონდომებით ვუსმენ... პრეზიდენტი ქაქანს არ ამთავრებს... გონიერება... ვზივარ, კაი ხანი მონდომებით ვუსმენ... პრეზიდენტი ქაქანს არ ამთავრებს... გონებაში მომავლის ლამაზ სურათები მეფურჩქნება, მაგრამ თანდათან ეს ყველაფერიც მწყინდება... «ბოდიში, უფროსო, მაგრამ სხვანაირად ცხოვრება მე უკვე აღარ შემიძლია, ისევ იქ, იმ კოხტა და სასტიკ სამყაროში უნდა დავბრუნდე!» პრეზიდენტი მიბღვერს, თითსაც კი მიქნევს მუქარის ნიშნად, მაგრამ მე არ ვეპუები, გავრბივარ მისი აპარტამენტებიდან და ისევ იქ ვარ:
იქ, სადაც მოდიან და მიდიან... მოდიან და მიდან... მუქ, სარგადაყლაპულ გოგოს ჩემს დანახვაზე ცრემლი ერევა, ვიღაც დაზოლილშორტებიან მულატი განცვიფრებული მიყურებს, ერთი ფერხორციანი შავკაბა დედაკაცი ჩემს დანახვაზე კივილს იწყებს და ძალით მიათრევს დასაკარგავისაკენ, უმრავლესობა ქედმაღლურად დამყურებს თავზე და მერე თვითკმაყოფილი, ზანტი მიხვრა-მოხვრით მტოვებს «გამარჯობა» - ამბობს ზოგიერთი, «ნახვამდის» - ამბობს გაცილებით მეტი, ხოლო წოო მეუბნება: «გახსოვარ? მე წოოვარ!» რა თქმა უნდა, მახსოვს. სხვა თუ არაფერი, სახელი აქვს ისეთი, რომ შეუძლებელია დაგავიწყდეს. და ისედაც, წოო დასამახსოვრებელი არსებაა. ის მოცუცქნულია. პაწია თავი აქვს და სახეზეც ყველაფერი ერთი ბეწო. ღილაკა ცხვრიზე საყურე ნისკარტად უკეთია. წოოს ფეხის ზომაა 31. და საერთოდაც, წოო ჩიტია. უცნაური ღაბუა ჩიტი. როცა იგი პირველად დავინახე და გავიგე, რომ წოო იყო, მთელი ჩემი ნაფიქრალის ამოთქმის დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა. გული გადამეხსნა და ავლაპარაკდი. ვლაპარაკობდი მხოლოდ ყველაზე მთავარზე, ვლაპარაკობდი სიცოცხლეზე, სიკვდილზე, სიყვარულზე... მანამდე უამრავი განსაკუთრებული არსება მდგარა ჩემს წინ, მაგრამ მათ წინაშე ასე არასოდეს მიმეტყველია. ეტყობა, მე წოო მჭირდებოდა, და როგორც კი წოო გამოჩნდა და აფრთხიალდა მე ქადაგად დავეცი... წოო ფრთხიალებდა, თითქოს არც ისე ყურადღებით მისმენდა, მაგრამ მე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ყოველი მისი ქმედება გულს სიხარულით მივსებდა. ეს საოცრება იყო. ასეთი მართალი და ზუსტი არასოდეს ვყოფილვარ... და აი, ეს წოო ახლა ჩემს წინ დგას. მაშინდელი განცდა კვლავ მეუფლება. ვგრძნობ, წამიც და სათქმელი ნიაღვარივით გადმოსკდება. მაგრამ დემონური ძალა ბრძანებას იძლევა და წოო მიფრინავს. მიფრინავს იმ ქვეყანაში, საიდანაც მოფრინდა. მე სასოწარკვეთილი მუხლებზე ვეცემი. ის, ვინც ჩემსას საუკეთესოდ შეისმენდა, კვლავაც ხელიდან მისხლტება. «წოოოოო... წოოოოო... წოოოოო...» - ვღმუი. იაკტას თავს ვუხათქუნებ. არ ვიცი, რამდენი ხანი მიგრძელდება ეს ისტერია. არ ვიცი, რამდენი ქალი მოდის და მიდის მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ ვიცი, რას მანიშნებენ, რას მეუბნებიან, რას მესვრიან, რაში მადანაშაულებენ... ბოლოს ღონეგამოცლილი წელში ვიმართები. ძირს სიგარეტის კოლოფი გდია. ვიღებ, ვუკიდებ, ხარბად ვყლაპავ ბოლს. სავარძელში ვეშვები და თვალგაშტერებული ვიყურები წინ. მზერა თანდათან მეწმინება და ვამჩნევ, რომ საქორწინო კაბებში გამოწყობილმა ქალებმა იწყეს ჩემსკენ სვლა ფუშფუშა, მაქმანებიანი, გრძელი საქორწინო კაბები, ზოგიერთს ფატაც კი უკეთია, თავზე ძვირფასი თვლებით შემკული გვირგვინი ადგას... მოდიან... მოდიან... მაჩერდებიან... მაკვირდებიან... ხელს იწვდიან... «თანახმა ვარ...» - ამბობენ... «თანახმა ვარ... თანახმა ვარ...» - ვბუტბუტებ მეც... დაღლილი ვარ... არა, დაღლილი კი არა, გამოქანცული... ვგდივარ სავარძელში და ვბუტბუტებ: «მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...» მერე ვამჩნევ, რომ პატარძლებმა ერთი წრე ჩაათავეს და მეორე წრეზე წავიდნენ... ვამჩნევ იმიტომ, რომ ზოგიერთს ჩვილი ბავშვი ჰყავს უკვე მკერდზე ატატებული. ზოგი თვალწარმტაცი ლიფიდან ამოგდებულ ძუძუს აჭმევს ბავშვს, თუმც ზოგიერთი ძველებურად მოფარფატებს, მოიპრანჭება... მესამე წრეზე ბავშვების რაოდენობამ იმატა, მუსიკის ხმას ხანდახან მათი ჭყიპინი ფარავს... საპატარძლო კაბები უკვე აღარ აცვიათ, საბავშვო ეტლებს ნაზად მოაგორებენ... ერთი-ორს წამოზრდილი ბავშვისთვისაც მოუკიდია ხელი და მოატანტალებს... ყოველ ახალ წრეზე ბავშვების რაოდენობა იზრდება, იზრდებიან თავად ბავშვებიც... პატარძლებს თვალები თანდათან ნაცრით ევსებათ, სახეები ებებკებათ, მათი ჰაეროვანი, ლაღი სამოსი მძიმე საშინაო ხალათებით და დალაქავებული წინსაფრებით იცლება. ნელ-ნელა თავბრუ მეხვევა. უკვე აღარ ვიცი, რომელ წრეზე არიან პატარძლები... ჩემსკენ თითქმის აღარც იხედებიან. შვილებით გარშემორტყმულნი, სვენებ-სვენებით მოაბიჯებენ, ახლოს მოსულნი სველ ხელებს თეძოებზე იმშრალებენ, სქელი მკლავებით მოუხეშავ დოინჯს აკეთებენ, დანაცრული თვალებით სადღაც იმზირებიან, ოხრავენ, «წავედით ბავშვებო» - ამბობენ ბოლოს და მისჯილ წყეულ ტრაექტორიას აგრძელებენ...
«წინ და უკან, წინ და უკან, წინ და უკან... რა არის ეს? - ვფიქრობ გამალებით... სავარძლიდან ვდგები და ბოლთას ვცემ - წინ და უკან, წინ და უკან, წინ და უკან... - ვიმეორებ გულში - მოსვლა და წასვლა, მოსვლა და წასვლა, მოსვლა და წასვლა... მეტი არაფერი, მეტი თითქოს არაფერი... - პატარძლები როგორც იქნა შემეშვნენ და ახალი ქალები გამოჩნდნენ. «იქნებ ამათ მაინც მოიცალონ ჩემთვის» - ვფიქრობ და გაშმაგებული ბოლთას ვცემ, მაგრამ არა - ისინიც მხოლოდ რამდენიმე წამით ყოვნდებიან ჩემს წინ და მერე უკან ბრუნდებიან... ისინი ხშირად უკვე ხელჯოხებით მოდიან, კოჭობით, დაღარული სახეებით და გაწეწილი თეთრი თმით... მათ აცვიათ ბიკინიც და მოფლაშული მკერდი უთახთახებთ, ფეხებე ვენური სისხლჩაქცევებით ატყვიათ, ღიპები წამოზრდიათ, გავები გასქელებიათ... - მე ბოლთას ვცემ, ცალი თვალით ვიყურები მათკენ და ხანდახან ზოგიერთ მათგანს კიდევაც ვცნობ... რა თქმა უნდა, ეს ისაა, ნაღვლიანი დახატული თვალებით... ხელის ცეცებით და ყოველი ნაბიჯის შემოწმებით მოდის. ხომ არ დაბრმავდა?.. მომიახლოვდა... ლიბრი აქვს თვალებზე გადაკრული... ცას აჰყურებდა ზომაზე მეტხანს, მერე მიბრუნდა და წაბანცალდა უკან... აი ისიც, სულ რომ მთათხავდა და მაფურთხებდა... ახლა ყბა უთრთის და ბოდიშს მიხდის... ისე გავოცდი, ბოლთის ცემის ტემპი შევანელე, მეც მინდა რამე კარგი ვუთხრა, მაგრამ ვერ ვასწრებ, ძირს ეცემა და კვდება... «წინ და უკან, წინ და უკან, მოდი და წადი, მოდი და წადი» - ვიმეორებ შეპყრობილივით და კედლებს ვაწყდები... ბევრი უკვე ვეღარც აღწევს ჩემამდე, შუაგზაში ეცემა და სულს ღაფავს... დავიღალე ამდენი ბოლთის ცემით, სხეული დამიმძიმდა, ოფლის ღვარში ვიწურები, მაგრამ ვერ ვჩერდები, სარეცხის ჯოხს ვიღებ და სიარულისას ვიხმარებ. «იქნებ გარეთ გავიდე?» - როგორც იქნა მომდის თავში აზრად. მაგრამ ამ შესაძლებლობას იმწამსვე უარვყოფ. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გარეთ აბსოლუტურად ისევ ის დამხვდება, რაც ადრე მხვდებოდა... «არა, ამას ვერ გავექცევი... ეს ჩემი ჯვარია... წინ და უკან, წინ და მაშინათვე უკან, უკან და მაშინათვე წინ, უკან და იმწუთასვე წინ, წინ და მაშინათვე უკან... ჰო, წინ და მაშინათვე უკან... ცხოვრების ჯვარი... არა... არა... ცხვორების ფორმულა» - ვფიქრობ, ბოლთას ვცემ... ისინი აღარ ჩანან... აღარ მოდიან... აი, როგორც იქნა, ერთი გამოჩნდა... ძლივს მოათრევს სხეულს, ქშინავს, კუთავს... დაეცა ისიც... შემინელდა მეც მოძრაობის ტემპი, სარეცხის ჯოხს ვიხმარიებ, მაგრმ ვბორძიკობ მაინც საშინლად... ვიყურები... აღარავინ ჩანს... აღარავინ... აღარავინ... საერთოდ აღარავინ... ვცემ ბოლთას და ვფიქრობ: ერთსა და იმავეს... ერთსა და იმავე... «მორჩა, აღარავინ მოვა...» გავიფიქრე საბოლოოდ და ალბათ ამ გაფიქრების გამო იყო, რომ მეორე მხარეს გავიხედე. და ვიღაც დავინახე. «ეს ვინღაა?» - გავოგნდი. სიარულის ტემპი შევანელე. მერე გავჩერდი. ხელები წელზე დავილაგე, სული მოვითქვი... ვიყურები, კარგად ვერ ვარჩევ... «ვინაა? ძალიან მეცნობა...» - ვფიქრობ, მან კი პირი დააღო, აშკარად სურს რაღაც მითხრას, მაგრამ სწორედ ამ დროს, არ ვიცი რატომ, რაღაც ძალის კარნახით, მისკენ ზურგით შევრუნდი და ბოლთის ცემა განვაგრძე... «ვინაა?» - ვფიქრობ დაძაბული... ვუახლოვდები, ვჩერდები მის წინ ერთი-ორი წამით, ვაკვირდები, ვერ ვცნობ და სწორედ მაშინ, როცა ის რაღაცის თქმას აპირებს, ვტრიალდები და ოთახის მეორე ბოლოსაკენ მივდივარ... არ ვიცი, რამდენი ხანი ვიარე ასე... მპ... ფეხი არ მოუცვლია... სავარძელში იჯდა და მელოდა... და ქსოვდა... ისე ქსოვდა, საქსოვ ჩხირებს არც დაჰყურებდა, უცვლელი მზერა ჩემსკენ მოემართა და ლამობდა, რაღაც გაეგებინებინა ჩემთვის... ბოლოს ერთი სიტყვა გამიკრთა თავში: «წოო...»
«წოო? ვინ არის წოო? ვიღაც იყო ჩემთვის წოო... ნამდვილად იყო... მახსოვს... ეს ისეთი სახელია, შეუძლებელია, არ დაგამახსოვრდეს... წოო... წოო... ღმერთო, გამახსენე, ღმერთო, გამახსენე... წოო... ჩიტი წოო... ჰო, ჩიტი წოო...» - გავშეშდი, შევხედე. «წოო ხარ?» - ვკითხე. თავი დამიქნია. «მერე სად იყავი... სად გაქრი წოო?..» წოომ პასუხის ნაცვლად მხრები აიჩეჩა. შევბრუნდი და ოთახისაკენ წავედი. რომ მოვბრუნდი, კიდევ ერთხელ ვკითხე: «სად გაქრი, წოო?» «აქ ვიაყვი სულ... პულოვერს გიქსოვდი...» მომესმა მოულოდნელად. ბოლთის ცემა განვაგრძე... «ეგ როგორ?» - აღმომხდა გაოგნებულს... წოოს პასუხი აღარ გაუცია. იჯდა, ქსოვდა და მიყურებდა... მე კი ბოლთას ვცემდი და ვფიქრობდი: «ყველანი მიდიან და მოდიან... ყველანი მიდიან და მოდიან... და წოო? და წოო? წოო არა?.. ნუთუ არა?..»
მე ბოლთას ვცემდი. სარეცხის ჯოხით ხელში. წელში მოკაკვული და დაქანცული. დაქანცული ფიქრებით, სიარულით, ცხოვრებით.
წოო მიყურებდა და პულოვერს არღვევდა.
მიყურებდა და არღვევდა.
დაარღვია...
და თავიდან შეუდგა პულოვერის ქსოვას.
მე ბოლთას ვცემდი.
წოო მიყურებდა.
წოო მიყურებდა.
წოო.

25-28 თებერვალი 2005

??????