ტარყაშვილი ნინო
გაზიარება

ცხრა ძმა ხერხეულიძის ხსოვნას ექსკლიუზივი

ვაი, დედა, სიწითლე
შეეპარა მზესაო,
ცხრა ვაჟკაცი მოგიკლეს,
ცუდ დღე დაგიდგესაო.
ცხრა შავი ნაბდის ქუდი
სისხლში მოსვარესაო,
ცხრა შავი ჩოხის კალთა
სისხლში გახუნდესაო.
ცხრავე წყვილი მხარ-მკლავი
სულ უძრავად ძევსაო,
მზემ ცხრა თვალი დახუჭა,
დღე მთლად დაღამდესაო,
ცხრა მდინარე, ცხრა წყარო
ერთად ატირდესაო,
ცხრა მთა, მდელო, ცხრა ქედი
ერთად იგლოვდესაო.
მათი ცხრა ანგელოზი
ეაჯება ღმერთსაო,
ცხრა ძმის სული აცხოვნე,
ნათელ დაადგესაო.
ცხრა ძმის ნაჭერსა დროშას
და მაღლა ასწევსაო,
ვაი, დედა, სიწითლე
მოემატა მზესაო,
ცხრა ძმას დაი მოუკლეს,
მთანი აბღავლდესაო.
_ დაო, შენც ჩვენთან მოხველ,
აქ გვიმშვენებ გვერდსაო,
_ დედა რატომ დატოვე,
რად უჩივის ბედსაო?
არა, ბედს არ უჩივის,
მხოლოდ გული კვნესსაო,
დროშა იპყრო ხელში რომ
ლაშქარს წინ უძღვესაო,
ვაი, მზე სულ გაწითლდა,
დედა დაგვიჭრესაო!
_ შვილნო, მეც თქვენთან მოვალ,
ვაი, დედის მზესაო,
ია-ვარდი აყვავდეს,
ღამე გადღევდესაო,
ისეთ ნანას ვიმღერებთ,
არ სმენოდეს ბევრსაო.

??????