ეკიზაშვილი გიორგი
გაზიარება

* * * გარეუბნის უშნოდ აყუდებული სახლების 

გარეუბნის უშნოდ აყუდებული
სახლების შუაგულში
როგორც ნაშთი გარდასული
სილამაზისა
პატარა იტალიური ეზო
ჩუქურთმიანი აივანი
რკინის კიბის
მორყეული ჭრიალა საფეხურები
აქ-იქ ჩამტვრეული
ბებერი კაცის კბილებივით
აყრილი ასფალტი, რუხი მიწა
ზაფრანის სუნი
ლურსმანზე ჩამოკონწიალებული
ქალის წინდაში გახვეული
ხახვის თავები
ყურძნის მტევნები
დაჩამიჩებული
ჭრელა-ჭრულა საცვლები
დასანახად გამოკიდული...
სიცხე, მოთენთილი ამინდი
უძრავი ჰაერი
და სიჩუმე...
აივანზე ვდგევარ და
დუმილის სიმძიმილი
გულზე მაწვება
ფორტეპიანოზეც კი არავინ უკრავს
ცალი თითით გამებს ან
"ძაღლების მარშს"...
დროა ასეთი
უძრავი
უაზრო
უმუსიკო...

??????