დარბაისელი ნინო
გაზიარება

კენჭი 

დღეს ასე მშვიდი რატომ ხარ, ზღვაო!
თითქოს ამქვეყნად იმისთვის გაჩნდი,
რომ შენს მოსარკულ გულისპირზე
ამ ვარსკვლავებმა სავალი ზომონ,
შეყვარებული ერთმანეთი ათვალიერონ.

ამ ვარსკვლავებმა
შენში გაიცნეს ერთმანეთი და შეიყვარეს,
მეც შენში მიყვარს ჩემი თავი,
მე ხომ კენჭი ვარ.

რანაირი ხარ!
ხან გამომრიყავ,
მერე უცებ გულში ჩამიკრავ.

როცა შენში ვარ, ჩემფერი ვარ,
გამირიდებ და დანარჩენებს დავემსგავსები.

ჰო, შენ დიდი ხარ, ძლიერი ხარ,
მე კი პატარა,
მაგრამ შემხედე! -
ერთი წახნაგიც აღარ შემრჩა,
ქვეყნად იმდენი ვიგორიალე.

რაც ჟამი გადის,
კი არ ვიზრდები,
ვპატარავდები.

იმდენი ხნის ვარ,
იქნებ სულაც ბავშვი მახსოვხარ.

ვიცი,
სად მიდის,
მხარს რომ შეუცვლის
მეზღვაურებს,
შენი ფიქრის ჩუმი დინება
და ისიც ვიცი,
გულისგულში რა განძებს მალავ,
მაგრამ არ ვიცი,
ეს ხმა როგორ გადმოგაწვდინო.

მესწრაფე, ზღვაო,
დამაყარე შენი შხეფები -
მარგალიტები მაგ გულიდან ამონაკრები!
მესიყვარულე,
ასე, მწარედ მესიყვარულე,
ვიდრე ვარ ქვეყნად,
საბოლოოდ ვიდრე გავქრები.

??????