დანელია ბათუ
გაზიარება

საქანელა 

ქვეყანა დღისაგან ქვრივდება ბინდების საფარველად...
მომაკვდავ მზის ტოტზე დავკიდე სტრიქონი - საქანელა,
დავდექ და ვქანაობ, სასიძო რითმებით დარწეული...
ჯერაც ცის ამბრებში დაყრილი არაა მარცვლეული...
და აი, ვქანაობ, ვქანაობ, ვქანაობ, ვქანაობ და
თავზარის ტენორი მოისმის დაისის სანაოდან...-
წითელი კივილი იპნევა სიკვდილის აკორდებად,
საცაა, იესოს ნათლიის თავივით დაგორდება
მზე - ჩვენი დედა და და-ძმათა მომძღვნელი საიმედოდ.
ღმერთო, რა მოხდება მუდმივი სიცოცხლე გაიმეტო!
მეგონა სიცოცხლეს სიკეთე აკმევდა აკვარელად,
მაგრამ აქ სიცოცხლე ყოფილა სიკვდილის საქანელა... -
სიკვდილიც, ბავშვივით, ქანაობს თავისი საქანელით
და არის ფრთოსნობის ყველაზე უზადო საფანელი...
მე მაინც მელნისფერ ციაგზე დავკიდე სტრიქონი და
ვქანაობ - მეგონა ამისი მეწყვილეც მიპოვნიდა...
ვქანაობ და ვიდრე არ ჩანან მშველელი სტრიქონები,
გადაყრილ ვარდებად ვიშლები და ისევ ვიკონები...
დაისის ვიდეომ, რამდენჯერ, კინაღამ დამანელა,
მზე ახლაც ჩავა და გაწყდება სტრიქონის საქანელა,
ო, თუ ვერ ჩაბარდა იდუმალ აღგზნების გამოცდები,
გაწყდება ობოლი სტრიქონის თოკი და ჩამოვწყდები...
და ზვავად მოწოლილ გრძნობათა ლირიკულ კამიკაძეს,
სანამდე არნახულ გაწირვის გრიგალი გამიტაცებს -
ვქანაობ, რომ სული ისმენდეს ჩავლილი ჟამის სოლოს
და ბედის შურდულმა სიშორის გადაღმა გამისროლოს...
და იქით ვეწვიო იმასვე, აქეთკენ რასაც ველი...
და გავხდე წერტილი, სამყაროს ბოლოში დასასმელი,
მაგრამ ჯერ სტრიქონზე ვქანაობ სიცოცხლის საფანელად
და ჯერაც ქანაობს სიცოცხლე - სიკვდილის საქანელა!..

??????