ლიპარტია სოსო
გაზიარება

დედების საკითხავი 

ქალაქის თავზე მოუყრიათ ნისლებს თავები,
ასეთ დროს ხშირად წვიმს და უფრო ხშირად გახველებს,
ეს თვეც, თიბათვეც, თავთავების რთველით თავდება
და სუნთქვასავით იმეორებ... ბოდავ სახელებს...

ასეთ ამინდებს ფანჯარასთან მოჰყავთ ჩიტები,
ხოლო ფოთლები მიჰყვებიან ქარისწაღებულთ,
შენც, საკუთარ სულს გადარჩენას ვეღარ ჰპირდები
და ღამეები, სარეცელთან ხახადაღებულ

დემონებს ჰგვანან...
მეორდები...
მთვარე თითბერის
მძიმე ბურთივით გამოსჩრიათ ყელში დაისებს.
გრძნობ, მარტოობა აღარშობილ შვილებს გითელავს,
ხოლო სიბერე ვეღარასდროს გაგამაისებს

და ცივ სარეცელს მინდობილი, უმზერ ობობას
და გსურს დალეწო დედამიწა - ვერცხლის გულაგი,
ან - სულ არ იყო, ან - იყო და შენთან მორბოდეს
ვინმე პატარა, ლეღვისა და კაკლის მურაბით.

არადა, უწინ არ გჩვეოდა ასე მოწყენა,
როდის დარდობდი დამტვრეული აკვნის ტკივილზე...
ახლა სიცივე გეპარება, როგორც ფოცხვერი
და შენს თვალებში სანთელივით ქრება პირიმზე.

ქრება სიზმრებად, თაბორებად, ქარვად, ქარებად,
ქრიზანთემებად, ზამბახებად, ნაზად... ქალურად...
კესანეებად, ენძელებად, იად... გარეთ კი,
ღამის გამურულ საღამურებს ლოკავს ღამურა.

ქალაქის თავზე მოუყრიათ ნისლებს თავები,
ასეთ დროს ხშირად წვიმს და უფრო ხშირად გახველებს,
იცი? - თიბათვე თავთავების რთველით თავდება...
დე, სუნთქვასავით იმეორე ღმერთის სახელი.

??????