უკანასკნელი ავტობუსი
ალბათ ყველაზე მეტია ის, რასაც დავეძებ...
მათ ვინც უკვე დაიგვიანეს,
ეხლა უკვე არ ეჩქარებათ...
გადაქანცულებს მობეზრდათ დაღლა
და ნებივრობენ ეხლა დაღლის მაგნიტურ ველში...
ავტობუსსაც არ სურს ჯაყჯაყი
და მიცურავს სველ ზედაპირზე...
ლამპიონებმა მოიშორეს ქალაქის მტვერი
და საყვარელის მომლოდინე ქალებივით კვესავენ თვალებს...
ტაქსი ამთქნარებს
უკანასკნელი ავტობუსის მომლოდინე მგზავრების გვერდით...
კვირეებით სახურავზე ნაგროვებ მტვერს ჩარეცხავს წვიმა,
თან უფრო მეტად დაასველებს აივანზე გადმოფენილ
სველ ღამის პერანგს...
შუქნიშანი ათამაშებს წითელ, ყვითელ, მწვანე ბურთულებს,
ხოლო აფიშა იტყობინება, თუ რა სპექტაკლი გასულა გუშინ...
მანდილოსნებთან მოაბიჯებს ვიღაც ამაყად,
უმანდილოსნოდ დარჩენილები მობუზულან
გაწუწული ყვინჩილებივით...
ალვა წვრილი ტოტებით ცდილობს,
დამძიმებულ ცას შეებჯინოს...