გუგუშვილი ბადრი
გაზიარება

მუდარა 

პოეზიავ, ჩემი სატრფო ხარ,
როგორც არ უნდა ჩამეკონო,
ვერაფრით ვერ მაკმაყოფილებ.
იქნებ მე ვარ გაუმაძღარი
და არ მყოფნის შენი სიავე,
სიამედ რომ მომინათლია.
ო, რომ იცოდე, რა ძალუმად ვგრძნობ
შენს კაპილარებს,
წვეთ-წვეთობით მსურს ამოგწოვო
შენი სისხლის ყოველი წვეთი.
ბარბაროსული გაავებით ველტვი შენს სივრცეს
და ნეტარება მეუფლება გაუგონარი.
შენი დიადი უსასრულობა
მეჩვენება კვერცხის ნაჭუჭად
და სამყარო ჩემს ხელისგულზე ფართხალებს ხოლმე
შეუღინღლავ ჩიტის ბარტყივით.
ო, პოეზიავ, ჩემო უგულო ცოლო,
ახარხარდი და მომახალე ის სიმართლე,
გულდაგულ რომ მალავენ ჩემგან,
ამიხილე სუყველა თვალი და დამანახე
სილამაზე და სიბრმავეც კაცობრიობის.
ო, პოეზიავ, ნუ დამინდობ, მეტად გალაღდი
და მაზიარე უსაკვირლეს მეტამორფოზებს,
გადამისროლე დროისა და ფიზიკის მიღმა,
მოწმე გამხადე კოსმიური კატასტროფების.
ო, პოეზიავ, დამიღარე მთელი სხეული შენი ბრჭყალებით,
გაანაწევრე ჩემი სული აუარებელ ნაწილაკად
და მაზიარე შენი ცეცხლის უზადო ბრწყინვას,
რათა სიტყვა, კოცნასავით რომელსაც მჩუქნი,
დავიხსნა შენი ტყვეობიდან და ჩემით ავანთო.

??????