გრიშაშვილი იოსებ
გაზიარება

ნამცვრევი 

ჩამოვიბერტყე წლები ქეჩოდან,
ისევ მონა ვარ ძველი კოცნისა,
გიხილე და ვთქვი: "ო, რას მერჩოდა?"
და ხელმეორედ გავხდი ოცისა.

მთვარე ხარ - გიყვარს ცად მოვანება,
თავთუხის ძნა ხარ გაულეწელი,
გნახე და მყისვე ჩემს წლოვანებას
ჩამოეწერა ორმოცი წელი.

რად მომივლინა ზეცამ სასჯელი?
ახალი ეშხი რად მაგრძნობინა?
რად დამიშაქრდა ფიქრი მტანჯველი
და ყვავილებით ამევსო ბინა?

ასეთიაო, მგოსნების ბედი,
მათი ეკალიც ჰყვავის ვარდებად.
მაშ, ნუღარ ამბობთ: "სოსო დაბერდი"!
და აღარავინ შემიყვარდება!..

მე ჩემს იღბალთან კიდევ მსურს შეხლა,
აკაკის ლექსი წინ მიდგას მცველად:
"თითქოს ჭაბუკი ვიყო მე ეხლა
და ვყოფილიყავ მოხუცი ძველად!"

??????