ჭურკვეიძე მადონა
გაზიარება

ჩემი შესანდობარი ექსკლიუზივი

დაბინდებულ მზერაში მიყრუებულ სმენასთან,
უძლურია სიტყვათა უღიმღამო შეტევა,
ყავლი გასდის დაჟეჟილ, დამღვრალ მოთმინებას და
გული ნაგოლგოთარი მკერდში აღარ ეტევა.

დაოკებულ ენაზე ხავსი გახევებულა,
უთქმელობა ჯავრისა ზღვარს სცდება და ავბედობს,
ოდითგანვე ნამუსის ქუდი ვისაც ეხურა,
უზნეოთა ფარფაში რარიგ გაითავხედოს?!

ხმელ ტოტს ებღაუჭება სული ქარის ნათრევი,
ცაში ეძებს სავანეს რწმენაშემოხმობილი,
ფიქრო ჩემო, მოგბეზრდი, თუ ისევ გენატრები,
გადაკეთდი ღიმილად, თუ სევდა ხარ ყოფილი?

გაუსაძლის ტკივილად სანამ უნდა დამქონდე,
ან ცხოვრებას ეკლიანს რა უფლებით მავალებ,
დაუყვავე ცოტათი მოქვითინე აკორდებს,
თორემ ცრემლის ნაკადი ზღვაში დამასამარებს.

რა ამაოდ დავეძებ ცისკარსა და ალიონს,
ღამე გამიბატონდა ათასი მზის მქონებელს,
ჩემი შესანდობარი თავად უნდა დავლიო,
ცოცხალს თუ არ მაცლიან, მკვდარს რას მომიგონებენ!

უსასრულო ქილიკმა განცდითა და ზმანებით,
ნირწამხდარი ნუგეში ურცხვად შემომახია,
შავ თოვაში ჩაფლულა თეთრი ხელთათმანები
და სიცოცხლის წყურვილიც მასთან ერთად მარხია.

??????