ამბავი
თავქვეშ ამოიდებენ ხელებს,
ადამიანები ჩამოხსნიან მთვარეს,
ადამიანები წავლენ და იტირებენ მერე.
ვერაფერს გეტყვი, რაც სხვას არ უთქვამს ისეთს,
მეც მივაბიჯებ ამ ადამიანების ახლოს,
რისი მოსმენაც არ მინდა, ვისმენ,
რისი გახსენებაც არ მინდა, მახსოვს.
მთვარე ამოდის, როცა დრო არ არის მოცდის,
ოდნავ გვინათებს ცხოვრების ჩაბნელებულ კიდეს,
მას სურს დადიოდეს ცაზე უსაშველო ცოცხით
და გაჩახჩახებულ ვარსკვლავებს ბღუჯად ჰგვიდეს.
ადამიანები მოწკურავენ თვალებს,
მუხლებზე შემოიწყობენ ხელებს,
ადამიანები შემოაბრუნებენ მთვარეს,
წავლენ და გულიანად იცინებენ მერე.