ბექიშვილი თეონა
გაზიარება

* * * იქნებ მოიძებნოს მისი უკანასკნელი ლექსი 

იქნებ მოიძებნოს მისი უკანასკნელი ლექსი,
სხვა ქაღალდებში აირეოდა;
იქნებ იქ მაინც ეწეროს რამე
საინტერესო და ხელმოსაჭიდი,
თორემ გაურკვეველია, რატომ მოიკლა თავი.
"და მან მოიკლა თავი,
უფრო სწორედ, ამ პირობით ცოცხლობდა მუდამ:
ამასაც გავუძლებ და თავს მოვიკლავ, იმასაც გადავიტან,
ესეც დასრულდეს და მერე.
უფრო სწორედ, მან მოიკლა მთელი სიცოცხლე" -
ეწერა ლექსში,
და იმ ლექსში ეწერა კიდევ
რაღაც ქალურ სასოწარკვეთაზე, რომელიც ვიღაცას ღრღნიდა...
რომ ვიღაცისგან შემორჩა მხოლოდ ხმის ჩანაწერი მაგნიტოფირზე,
დანარჩენი ყველაფერი დაიკარგა.
- იქნებ მოძებნოს მისი უკანასკნელი ლექსი, თორემ გაუგებარია,
და როგორც ჩანს, მას აწყობდა გაუგებრობა,
რაც ჩვენთვის, ცოცხლებისთვის, მიუღებელია.
"გარდაიცვალა.
გავასვენეთ, სახლის კარი გამოვიკეტეთ, დავასაფლავეთ
და უეცრად აღმოვაჩინეთ,
რომ კარების გასაღები მიცვალებულს ჩავატანეთ გულის ჯიბეში,
და ვდგავართ ახლა დაკეტილ კართან.
რომელი ჩვენგანი ამოუღებს იმ გასაღებს გულის ჯიბიდან?
თანაც უკვე წლები გასულა,
იქნებ მარტო ჩონჩხიღა დაგვხვდეს" -
ეწერა ლექსში,
რომელიც უნდა მოიძებნოს.
- ერთნაირად დამნაშავეა ცოლიც და ქმარიც.
- შვილებმაც და შვილიშვილებმაც თავი მოაბეზრეს.
- რატომ, გენაცვალე, სანიმუშო ოჯახი ჰქონდა.
- საჭიროა გაითხაროს მისი სამარე.

"შენი კეთილშობილება ჩემში ყოველთვის ეჭვს ბადებდა;
იყო დრო, როცა საკუთარის მაინც მჯეროდა.
ეს ლექსებიც არაადამიანურია,
ანომალიაა - კაცი თავს სიმართლეს აძალებდე,
როცა ტყუილითაც მშვენივრად შეიძლება ცხოვრება.
- ლამაზებო, საყვარლებო, ვეფერები ყვავილებს, რათა იცოცხლონ,
და ისინიც ცოცხლობენ, იზრდებიან, იფოთლებიან,
მაგრამ არც ერთი არ ყვავილობს.
თუმცა, ეტყობა, სიცოცხლისთვის ტყუილიც კმარა,
ტყუილი - ადვილი და უყვავილო,
შეჩვეული და უნაყოფო, როგორც სიკვდილი" -
ეწერა ლექსში, რომელიც არ ჩანს,
რომელიც აუცილებლად უნდა მოიძებნოს,
სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს,
თორემ საცაა კარს შემოაღებს, თავზე დაგვადგება
და ურცხვად, თამამად დაიწყებს ცხოვრებას,
რადგან არ გვექნება მისი თვითმკვლელობის
ერთადერთი, უტყუარი სამხილი -
მისი უკანასკნელი ლექსი.

იქნებ მოიძებნოს.

??????