* * * მახსოვს,არხეინად ვისხედით ღელის ნაპირზე
და ღელეში ფეხებს ვატყაპუნებდით.
მახსოვს, ვმღეროდით და ღელეც
არხეინად მიიმღეროდა.
ის ღელე თურმე აქერონის წყალი ყოფილა -
ვინც გატოპა, გაღმა დარჩა,
უკან აღარ დაბრუნებულა.
ვინც აქეთ დავრჩით,
ახლა ვწრიალებთ ღელეს ნაპირას,
გაღმა გასულები გვენატრება,
მაგრამ გატოპვა ვერ გაგვიბედავს.
რა იცოდა ჩვენმა ბავშვობამ ღელის პირას გატარებულმა,
რომ ის ღელე აქერონის წყალი იყო!
სადაც არ უნდა წავიდეთ,
იგი მუდამ დის ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ხსოვნაში
და სიკვდილის სუნი ასდის.
როგორც ბოინზე დასაკლავი ხარები,
ჩვენ ვტრიალებთ გამოღმა მხარეს სიკვდილის შიშით შეპყრობილები
და ერთმანეთს ვეკვრით, ერთმანეთს ვებღაუჭებით.
ხან ვინ გამოგვაკლდება, ხან - ვინ.
მახსოვს რა არხეინად ვისხედით ღელეს ნაპირზე.