* * * გულს ზაფხულის ხვატი უტევს
აღარა ვართ ბავშვები.
ბუტე-ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები.
დანგრეულა ჩვენი ბუდე,
ვინ გაიგებს, რას ვშვრებით.
ბუტე-ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები.
ჰაერბურთი დაიჩუტა
და მიწყნარდა ტაშები.
ბუტე-ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები.
შენც ბუტია, მეც ბუტია,
აბა, რა შეგვარიგებს.
მივყვეთ დედამიწის ტრიალს,
ვენდოთ ღვთისა ტარიგებს.
ჯერ კი ამ გულს სევდა უტევს,
თვალზე ცრემლო არ შრები -
ბუტე-ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები.
მიდის მტკვარი მობუტბუტე
და ტალღების მარშები...
ბუტე-ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები!