ბაქანიძე ლუკა
გაზიარება

ქალაქის ზღაპარი 

ჩამოიწელა ერთხელ რაღაც წებოვანი.
არავის დაუნახავს, ზევით ახედვა არ უყვარდათ აქ.
ჩამოეწელა და ბოლოს ჩამოწყდა უშველებელ წვეთად, ქალაქს დაენთხა.
ქუჩები და სახლები გაჟღინთა, ერთმანეთში აზილა ადამიანები.
გაჩნდა ახალი ჯიში, ლორწოვან გარემოს შეგუებული
ადამიანის სლიპინა სახეობა.

ბებერ ევოლუციას გააჟრჟოლა, მიხვდა, რომ რაღაც გამორჩა.

მოხერხებულად, სხარტად მოძრაობენ ნერწყვისმაგვარ მასაში.
შენელებულ კადრებს ჰგვანან მაინც.
არ გამორჩებათ ქუჩაში გამოკრული სახეები განკვეთილთა,
ზიზღით, ფეხისწვერებზე რომ გაერიდნენ ლორწოს.
ისინი აფურთხებენ მათ. ტალახს ესვრიან დაუზარლად.
თავიანთ ნაშიერებსაც გულმოდგინედ ასწავლიან ტალახის სროლას და ფურთხებას.

საკმარისად სლიპინა არ ეჩვენათ ჩემი კანი.
მკურნალობის მიზნით დროებით იზოლაცია გადამიწყვიტეს.
მერამდენე დღეა ჩაკეტილი ვარ. არ მახსოვს.
ღამღამობით ვჯდები ფანჯრის რაფაზე და ვუყურებ მოხუც მეეზოვეს.
შეშინებულივით, ფრთხილად რომ გამოდის ქუჩაში და
გრძელტარიანი ცოცხით სათუთად აქუჩებს კუთხეში შემოდგომის ფოთლებს.

??????