* * * მე არასოდეს არ ვწერდი სხვაზე,
მე ვწერდი ჩემზე... მე ვწერდი ჩემთვის,
მაშინაც... როცა მე ვწერდი ქარზე...
როცა სიჩუმით სათქმელი ვერ ვთქვი...
სიტყვასაც ხშირად ვაგდებდი ბანზე,
მეტაფორების ხეივანს ვსხლავდი...
მაშინაც, როცა მე ვწერდი ზღვაზე
და საკუთარ თავს არაფრით ვგავდი...
მაშინაც ვწერდი...
ვისწავლე ქარგვა -
ვახვევდი სულზე ფერად სტრიქონებს...
ჰო, ვერაფერი ვიპოვნე, მაგრამ...
ჩემი თავი ხომ გამოვიგონე!