ბაკურაძე შალვა
გაზიარება

კეთილი ადამიანები 

ქალაქი სადაც დავეფუძნე დიდი ხანია აღარ არსებობს
ყოველდღიურად მოგონილ საგნებს ვეხებით
მოგონილ ადამიანებს ვხედავთ და
მოგონილი სიტყვები გვესმის
ერთმანეთია ის დიდი სიტყვა ქალაქის შექმნა რომ ჩაგვაგონა
და სიყვარულმა დაგვაგებინა ერთმანეთისკენ მავალი გრძელი ქუჩები
ქუჩების გასწვრივ შენობებია
და შენობებში რა გამოლევს საწოლ ოთახებს
იქ იგონებენ ერთმანეთისთვის:
ახალ ჟესტებს
ახალ ტკბილ სიტყვებს
ახალ სიცოცხლეს
და მოგონილ ღმერთებს ჰგვანან
ქალაქი სადაც დავეფუძნე მშვიდ ყურესა ჰგავს უსასრულო ოკეანეში
აქ ყველა კაცი ნავსადგურია და ხომალდი შორეული ნაოსნობიდან
დაბრუნებული
სიყვარული რომ შეეზარდა კიდურებზე მიდიებივით
და მათი სული ისე ახლოა როგორც წყალი ზვირთსაქცევიდან
როგორც მუსიკა ყურმოკრული მეტროს დერეფანში
და მათი სული ისე თბილია როგორც წვიმა ივლისის ბოლოს
როგორც მტრედი ცივ პურს რომ კენკავს უსახლკარო მოხუცის ხელისგულიდან



ქალაქი სადაც დავეფუძნე დიდი ხანია აღარ არსებობს
ყოველდღიურად მოგონილ საგნებს ვეხებით
მოგონილ მიწას ვბარავთ
და წყალს ვუსხამთ მოგონილ ნერგებს
შემოდგომაზე ვიღებთ მოსავალს
ბეღლებს ვავსებთ და გემრიელ კერძებს ვამზადებთ
რათა შემდგომ აუღელვებლად მივაშუროთ საწოლ ოთახებს
და მოგონილ ღმერთებად ვიქცეთ.

??????