აკობიძე ნანა
გაზიარება

გზა პოეზიის დედოფლიდან მარტოხელა დედობამდე 

ეკა ბაქრაძე - პოეტი-ვუნდერკინდი 20 წლის წინ «ახალგაზრდა კომუნისტის» ფურცლებიდან გაიცნო ქართველმა მკითხველმა. იმ პერიოდშივე (1987-92 წლები) დიდი ტირაჟით გამოიცა ეკას ლექსების კრებულები, პატარა პოეტზე კეთდებოდა ტელეგადაცემები, უწყობდნენ საღამოებს, შეხვედრებს ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან - სოფელში... შემდეგ ეკა გაიზარდა და გაჩუმდა. სად წავიდა ეკა ბაქრაძე, დღემდე აინტერესებს მას, ვისაც ეკრანიდან თუ გაზეთის ფურცლებიდან დაამახსოვრდა უცნაურად მოაზროვნე პატარა გოგო.
«ეკა ბაქრაძე 10 წლის ხაშურელი მოსწავლეა. იგი 1986 წლის მარტში გაზეთ «ახალგაზრდა კომუნისტის» ფურცლებიდან გაიცნო ფართო საზოგადოებამ, გაიცნო, როგორც ჭეშმარიტი ფენომენი, რომლის ლექსებმაც იმთავითვე მიიქცია ლიტერატურის მოყვარულთა და არა მხოლოდ ლიტერატურის მოყვარულთა, ყურადღება. «ბეღურების ორკესტრი» ეკა ბაქრაძის ლექსების პირველი კრებულია».

ამ ანოტაციის ავტორი პაატა ნაცვლიშვილია - «ახალგაზრდა კომუნისტის» რედაქტორი, რომელმაც ეკა აღმოაჩინა და გამოაჩინა, ვისგანაც, «ახკომის» ფურცლებზე, ყოველ 27 თებერვალს, დაბადების დღეზე, ეკას საჩუქარივით ჰქონდა თავისი გვერდი, მკითხველი თვალს ადევნებდა 10, 11, 12, 13... წლის ეკა ბაქრაძის პოეტურ ზრდას.
ეკა ბაქრაძე, როგორც ყველა ბავშვი, უამრავ კითხვას სვამდა, ოღონდ ეს კითხვები, სხვებისგან განსხვავებით, ლექსად უჩნდებოდა, თან ისეთი მხატვრული სახეებით, რომ დაუჯერებელი იყო ასეთი პოეტური ოსტატობა 10, გნებავთ, 12 წლის ბავშვისგან. ამის გამო ხშირად უწევდა ახსნა-განმარტება თუ თავისმართლება, ოღონდ ესეც ლექსად გამოსდიოდა:«იღვიძებს დილა და მე არ ვიცი, ვინ, რატომ, რისთვის მალაპარაკებს.» ან კიდევ:
«კარგი, თუ გინდათ, მე არ ვწერ ლექსებს, სიტყვები ჩემი ჩანჩქერებია, ისინი თვითონ მოდიან ჩემთან, მე მხოლოდ ფურცელს ჩავჩერებივარ.» ასე, ფურცელჩაჩერებული სვამდა უამრავ შეკითხვას, რომელთა პასუხი, ბავშვობაში კი არა, დიდობაშიც ვერავისგან მიიღო. სამაგიეროდ, მიიღო არაბავშვური, მოუსვენარი ბავშვობა. «მას მოსვენება აღარ აქვს, იძულებულია, გამოვიდეს სხვადასხვა შეხვედრაზე ხაშურში თუ თბილისში. ეს კრებულიც გაზრდის ეკას პოპულარობას და მის თაყვანისმცემელთა რიცხვს. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მომავალი შეხვედრებისა და საღამოების პოტენციურ მასპინძლებსა თუ ორგანიზატორებს, რომ ეკა ჯერ ბავშვია და ასეთი გამოსვლები მისგან დიდი ფიზიკური, ნერვული და თუ გნებავთ, პოეტური ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, რაც მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისა და შემოქმედებითი სრულყოფის საზიანოდ ხდება. ეკა ბაქრაძე გაცილებით ღრმა და სერიოზული მოვლენაა, ვიდრე ასეთი ღონისძიებების მომწყობთ წარმოუდგენიათ და უფრო ფრთხილ და აწონილ მოპყრობას საჭიროებს» - წერდა ისევ პაატა ნაცვლიშვილი, რომელიც, შეიძლება, ნანობდა კიდეც, რომ ეს პატარა გოგო ასე გადასცა ხელში საზოგადოებას, რომელსაც ყველა დროში სენსაცია უფრო აინტერესებს.

ამ სენსაციის მოლოდინს შეიცავს ბევრის დღევანდელი ინტერესიც - სად დაიკარგა, რატომ გაჩუმდა ეკა ბაქრაძე? საინტერესოა, რომ ეკამ, თითქოს ელოდაო, ბავშვობაშივე, ისევ ლექსად გასცა პასუხი მათ:

«განა იმიტომ გავჩუმდი, რომ
მართალი არ ვარ?
ისე, უბრალოდ, მაინტერესებს,
როდის მიხვდებით,
რომ ჩემს წინაშე მართლები არ ხართ.»

ასე წაუყენა ეკა ბაქრაძემ ბრალი საზოგადოებას და მეც, როცა ჩემი სტატის სათაური წინასწარ მოვიაზრე - «გზა პოეზიის დედოფლიდან მარტოხელა დედობამდე,» წინასწარვე მქონდა უმკაცრესი კითხვები გამზადებული ეკას მაშინდელი გარემოცვისთვის და გზის დამლოცველებისთვის: ბატონებო და ქალბატონებო, გქონდათ შეგნებული, რამხელა ტვირთს ჰკიდებდით მხრებზე ამ პატარა გოგოს? გავუსწრებ სტატის შემდგომ შინაარსს და გეტყვით, რომ ეკა ბაქრაძემ პოეზიის დედოფლის შლეიფი ბავშვობაშივე დატოვა (როგორც ბანკებში - თავისი ხუთიათასტირაჟიანი კრებულების გაუფასურებული ჰონორარები). ამის დაჯერება კატეგორიულად არ უნდოდა საზოგადოებას (ძირითადად - ისევ გარემოცვას). ეკა კი: «რამდენი ხანია, რაღაცის თქმას ვაპირებ. თითქოს ენის ძირში მიკრული სათქმელი წინ ვეღარ გადმოდის, ადგილიდან ვერ იძვრის. ღამის თორმეტი საათიდან სამ საათამდე ვწერ, ათასი ფრაზა მომდის თავში. სამ საათზე კი ამ ყველაფერს მთლიანად ვჩხაპნი და ვიძინებ. მშვენიერია პირდაპირ. და სასაცილო. თურმე იმისთვის ვწერ, რომ სამ საათში სულმოუთქმელად დაუნანებლად, საბოლოოდ გავანადგურო,» - წერდა დღიურში. არ მალავდა, რომ უჭირდა, შეგუებოდა ციდან მიწაზე დაშვებას. თუმცა ცოტა ხნის წინ თვითონვე იხვეწებოდა ლექსში: «როგორც გინდოდეთ, ჯავრი იყარეთ, ოღონდაც ცის ქვეშ, მიწაზე დამსვითო.» დღეს, როცა ეკას ბავშვობის კრებულები სხვა თვალით გადავიკითხე, დამრჩა განცდა, თითქოს ამ ლექსებში უკვე ჩანს, რაც ელის ამ ლექსების პატრონს. სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ:

«ჩემი სიზმრების ფერადებიდან
დარჩა მბჟუტავი ცივი ნათება,
მალე ჩამოთოვს უნაზეს ხილვებს,
მალე ფერებიც გაიფანტება
და ზამთრისფერი მკაცრი სიმშვიდით
დაიფიფქება რაღაც ფერადი.
რატომ მიშლიდით? რატომ მიშლიდით?
რა შორი გზაა ახლა თქვენამდი.»

ვშიშობ, ამდენი ლექსის მოხმობით რაღაც რეცენზიისმაგვარი გამომდის («ნათელხილვა ეკა ბაქრაძის შემოქმედებაში»), არადა, მე მხოლოდ ისტორია მინდა გიამბოთ ერთი პატარა გოგოსი, რომელიც დაიკარგა, როგორც პოეტი და მიწაზეც მყარად ვერ დადგა, რადგან დღენიადაგ ჩაესმოდა ყურში, რომ მისი ადგილი ცაშია.
მოკლედ, პასუხი კითხვაზე: სად წავიდა ეკა ბაქრაძე: არსადაც არ წასულა, გაიზარდა, ის პოეტური ნაკადი, რაც ჭარბად ჰქონდა ბავშვობაში, გამოელია და უცებ რომ მოიხედა, აღმოაჩინა, რომ ამდენ აპლოდისმენტში, საღამოდან საღამოში, შეხვედრიდან შეხვედრაში წლები გაფრენილა. მერე რა, რომ განათლების მიღება მოასწრო (უცხო ენები დაამთავრა), თვალისდახამხამებაში შეცვლილ სამყაროში (პირდაპირი გაგებითაც) ფეხის მოკიდება არ აღმოჩნდა იოლი. ვისაც ახსოვდა, როგორც პოეტი, ისევ პოეტობას ითხოვდა მისგან, ვისაც არ ახსოვდა, მათ კიდევ სხვა კრიტერიუმები აღმოაჩნდათ მის სამსახურში მისაღებად. თუმცა იყო პერიოდული სამსახურები, მათ შორის უცხოეთშიც, პოეტური სალონის (უფრო - თეატრის) შექმნის მცდელობაც (ამ საქმისთვის კეთილი ადამიანებისგან გაღებულ მცირეოდენ დაფინანსებას თავისასაც ამატებდა)... წლები კი მიდიოდა, ცხოვრება უფრო და უფრო რთულდებოდა და ერთ არამშვენიერ დღეს ბინაც, რომელიც ბავშვობაში აჩუქა ცეკამ (კოსტავაზე, ოროთახიანი) და ბინაზე მეტი იყო მისთვის, გასაყიდი გაუხდა. საყოფაცხოვრებო პრობლემებს არაყოფითი პრობლემებიც დაერთო, ისეთი, რასაც ლექსებში არ აწყდებოდა, მერე უცნაური სიყვარულიც დაემართა (ალბათ დამართება უფრო ჰქვია ამას) და გადაწყვიტა, საყვარელი ადამიანისგან შვილი გაეჩინა, თუნდაც - მისგან მალულად.

ასე დაიწყო ეკა ბაქრაძის ცხოვრებაში მეორე ეტაპი - მარტოხელა დედობა. «რაც ბავშვი გავაჩინე, ერთი ლექსიც არ დამიწერიაო,» - სხვათაშორის მითხრა ერთხელ და ამით თითქოს თვითონ გააკეთა ჩემი წერილის რეზიუმე. წერილისა, რომელსაც სხვანაირად ვგეგმავდი: მაინტერესებდა ფსიქოლოგების აზრი ვუნდერკინდების სულიერ სამყაროში არსებული ძვრების შესახებ, მაინტერესებდა პაატა ნაცვლიშვილის აზრი, რომელსაც ბავშვობიდან დიდობამდე, გამუდმებით ჰყავდა თავის თვალსაწიერზე ეკა, მაინტერესებდა, საკმაოდ ლამაზ ქალს რატომ უნდა გაუჩნდეს უქმროდ შვილის გაჩენის სურვილი, იმ ბიჭის აზრიც მაინტერესებდა, ვისაც ეკამ ძალიან ლამაზი ბიჭი გაუჩინა... მოხდა ისე, რომ ძალიან დიდხანს ვწერდი ამ წერილს - თითქმის წელიწადი («სახე(ლ)ების» პერიოდულობა მაძლევდა ამის საშუალებას). ამასობაში გადავიკითხე ეკას ლექსები, დღიურები, ერთად გავიხსენეთ ყველაფერი - 1987 წლიდან დღემდე... თვითონაც მომწერა წერილი («შენ მე საპნიანი იატაკის სუნით დაგამახსოვრდი. საწოლზე წამომჯდარი, გაზეთში დაბეჭდილ ჩემს ლექსებს რომ კითხულობდი, შენი და კი საპნიანი წყლით რეცხავდა იატაკს... მე უნივერსიტეტის წლებიდან მახსოვხარ - ბევრისგან განსხვავებული, თავისებური, სიმართლე გითხრა, რაღაცით მაღიზიანებდი, თუმცა ახლოს არ გიცნობდი, მაღიზიანებდა შენი უცნაური, ზოგჯერ ზედმეტად თამამი მანერები, ჩაცმის სტილი»...). ფოტოგადაღებაც გვქონდა ტაბახმელაში, ბევრი ვისაუბრეთ კაცებზე, ქალებზეც - წესიერებზე, უწესოებზე,... ნაკლებად ვსაუბრობდით პოეზიაზე - ძალიან არადელიკატური და უხეში ვარ ალბათ, მაგრამ დაახლოებით ის პოზა გვქონდა, ორი მოსაუბრიდან ერთ-ერთს ძალიან ახლობელი რომ ჰყავს გარდაცვლილი და ერიდებიან მის გახსენებას.

ამდენი შეხვედრების მერე გადავწყვიტე: ამ წერილისთვის, რომელიც ბოლოს მაინც ორ საათში დაიწერა, არ იყო საჭირო ძვირფასი ფსიქოლოგების შეწუხება, არც - პაატა ნაცვლიშვილის (მისი საფუძვლიანი, ეკას მომავალზე გათვლილი შეშფოთება და პოზიცია კარგად ჩანს ზემოთმოყვანილ ანოტაციაში). დანარჩენი კი მოკლედ მოგიყევით, თავისი მიზეზებით და შედეგებით. ჰო, ლექსიც აქვს ამაზე ეკას (მიზეზებზე და შედეგებზე) 12 წლისას: «ვიღაც ჯიუტად მომჩერებია, ვიღაცას მოსწონს ჩემი სახის მკაცრი პროფილი და ცხადია, თავგამოდებით ცდილობს, როგორმე დამრწმუნოს... რომ დროა უკვე, გულისყურით მოვეკიდო საკუთარ საქმეს, რომ აქამდე რაც იყო, იყო... რომ ხვალ უფრო ბევრი მმართებს საზრუნავი და საფიქრალი... მაგრამ ვიღაცას ავიწყდება, რომ საკუთარ თავს ნაბიჯითაც ვერ გადავასწრებ, რომ ყველაფერი ელოდება გამომწვევ მიზეზს...ხოლო შედეგი არასოდეს იქნება გვიან, თუკი მიზანს რაღაცით მაინც მივუსადაგებთ... მე მირჩევნია, რაღაცით მაინც მიგახვედროთ, რომ უსაფუძვლოდ არ ჩამითვალოთ გულისტკივილი და სხვანაირად არ ჩამომართვათ.»

ერთადერთი, ფსიქოლოგის აზრი იმაზე კი იქნებოდა საინტერესო, რითი აიხსნება, როცა ადამიანს (ეკას, ამ შემთხვევაში) შორეულ ბავშვობაში დაწერილი ყველა პწკარი, აბსოლუტურად ყველა ლექსი ახსოვს ზეპირად, უგრძესებიც კი. «სხვანაირად არ ჩამომართვათ» და შემშურდა - მე ჩემი ლექსებიდან ერთი სტროფიც არ ვიცი ზეპირად. ისე შემშურდა, როგორც ბავშვობაში, ჩემი და რომ საპნიანი წყლით წმენდდა იატაკს, მე კი, თითქმის ეკასხელა, საწოლზე ვიჯექი, «ახკომში» ეკას ლექსებს ვკითხულობდი და ვგიჟდებოდი, ისე მინდოდა, მეც მეწერა ასეთი მაგარი ლექსები.

მიუხედავად იმისა, რომ რეზიუმე რამდენჯერმე გავაკეთე ამ წერილში, მაინც ეკას ფრაზით, ეკასთვის მინდა დავასრულო: «ხოლო შედეგი არასოდეს იქნება გვიან, თუკი მიზანს რაღაცით მაინც მივუსადაგებთ...» - რაც დაუწერია, ყველაფერი აუხდა და ეს რატომ არ უნდა აუხდეს?!

პუბლიცისტური ენციკლოპედია «სახე(ლ)ები»
2008 წ.

??????