ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

წერილი ქეთის 

ეს არის შენთვის ლექსი-სონატა,
არ შეიძლება რომ არ მერჩიოს,
გაელვებული კვალი ხსოვნათა,
სამივე დროის ჩუმ არპეჯიოს.
როგორც ბეღურა, ისე ჟიოდი -
მობუზული და ფრთებჩამოყრილი
და თბილისი წვიმის ადაჟიოთი
მოწყენილი და თითქოს მოღლილი.
შენა ხარ ბავშვი, შენთვის წინ არის,
რაც ჩემთვის გაქრა, მიდის, არ იცდის,
დრო შფოთიანი და უწყინარი,
ასე წინასწარ მე რომ განვიცდი.
შენ გაფრინდები, შენი ფრენითაც
შეარხევ ფოთლებს, ფესვებს კი არა,
დაგცდება ბგერა, როგორც ფლეიტას -
მზის წვეთი, მზეზე უფრო კრიალა.
და შენ მიხვდები, შენში შემოდის
დიდი მუსიკა, ტაქტი მრავალი,
ამოუცნობელ გარეშემოთი
და დრო ყოველთვის გარდამავალი.

??????