ლომი ექსკლიუზივი
ჩემი საფარი შენ ხარ კედელი,
მე კი, რა გითხრა, ისიც არ ვიცი...
მე შენი ფიცხი ვარ მუშკეტერი
და არა _ შენი დიასახლისი.
არ მიყვარს სრბოლა _ ქარს მინდობილი
და არც დუელი _ გადადებული,
არ არის ბედი ჩემი დობილი _
ლომის თვეში ვარ დაბადებული.
ემოციები ისე მმართავენ,
როგორც წყნარ ზღვაში ხომალდს _ მესაჭე,
არ იქნებოდა ღმერთი მართალი,
მშვიდი ბუნებით რომ დავესაჯე...
გჭირდები, როგორც ოთახს _ კედელი,
გჭირდები, როგორც გუთანს _ სახნისი,
მე კი ქალი ვარ და მუშკეტერი
და არა _ შენი დიასახლისი..