ჯაფარიძე ზურაბ
გაზიარება

სამოთხის ვარდებს ზეციური სდიოდათ სისხლი ექსკლიუზივი

სამოთხის ვარდებს ზეციური სდიოდათ სისხლი,
გადააფერეს მწვერვალები, მთა და უფსკრული,
გამოჩნდა შორით ღამისფერი რაშები მწუხრის,
დაისმა სიოს ამოსუნთქვით დალია სული.
მოვარდა ღამე _ დაგეშილი შავი ავაზა,
შევები მოყმე ველურ ბრჭყალებს ქვებზე გალესილს
და პერგამენტზე პეონები სისხლმა გახაზა
ხეებისაგან გაცრეცილი ქარის ალერსით.
მომწყურდი მაშინ, სიკვდილისპირს გინატრე ერთხელ,
შემოხვეოდა თითქოს მთვარეს კვამლი ჰაშიშის,
სიკვდილის პირას ჩვენ ორივემ ამოვანთხიეთ
მე ერის ბოღმა, მან კი თავის ველური ჯიში.
თურმე დღეები საწუთროსგან იყო დათვლილი,
უკანასკნელად მან ჩემსავით მთვარეს გახედა,
არვინ ტიროდა, ისიც თურმე იყო ობოლი,
საიქიოში მოგველოდა ორივეს დედა.
რარიგ გაფანტა ჩემი ზეცა უეცრად ელვამ,
და დამათოვა ოცნებები შორით წასული...
სამოთხის ვარდებს ზეციური სდიოდათ სისხლი,
დაისმა სიოს ამოსუნთქვით დალია სული.

??????