მერაბ ჯიხაძეს
სამყარო თითქოს მოქნეული დათვის ტორია,
და მერამდენედ აიცილე ვეღარ აჯამებ.
ძაღლი მიაკვდა სულში ყველა ყალბ ისტორიას,
აუქციონზე შეფასებულ ტკივილს, საჯაროდ.
ჩვენ ვიცით,თუმცა გვედარდება უკვე ნაკლებად,
რომ არწივობას აბრალებენ ყველა ღობისჩიტს,
და სანამ ღმერთი გათენებით სიკვდილს მომისჯის
მინდა ქუჩების შფოთიანი ლექსით აკლება.
აპრილიც ჩვენი დახატული წვიმით ციტირებს,
და მზეს შეჩვეულ სილუეტებს ბრაზი ერევათ,
ჯანდაბას! ძმაო, მეფეებმა უნდა იტირონ
პაიკებმა თუ შევუცდინეთ ლაზიერები.
ახლა კი ლექსიც, (ასე ვფიქრობ) გავს ისტორიას,
ღამეა, ქუჩა, ნათურები, ვერცხლის ბოძები,
ძმაო! ცხოვრება მოქნეული დათვის ტორია,
და თუ ამ ღამით შევეწირე, ნუღარ მომძებნი!