ალბათ! (გენრი დოლიძეს)
მზე სუსტია ამ საღამოს,ზღვაც ცივია საბანაოდ,
უფერული ღრუბელი კი,ჩასუნთქვაზეც დაქანაობს
სად ხარ ახლა? შე უღმერთო, დედამიწის რომელ კიჩოს,
დედაჩემის თვალებივით მომანატრე თავი ბიჭო.
გუშინ ღამით ღმერთი ვნახე,ვუყურებდი კრძალვით ერთხანს,
მერე ადგა და კალთიდან პოეზია დაიფერთხა.
შენც იყავი დამიძახე და ველური გამხეცებით
სათითაოდ გადავყლაპეთ ის ციმციმა ნამცეცები.
სად ხარ ახლა?ლექსით ავსებ,ბედისწერის რომელ ღრიჭოს,
ქალის ცელქი ღიმილივით მომანატრე თავი ბიჭო.
ჰორიზონტზე დელფინების კოტრიალა ტაიფუნებს -
მივსდევ,წამით ნასესხები სიხარული დამიბრუნეს.
არა იქნებ ტყუილია და წამების მადაზეა,
ჩემი მთელი რეალობა - პოეტური ფანტაზია.
სად ხარ ახლა,ლამის სევდამ,გული ასად გამიხლიჩოს,
დედაჩემის თვალებივით, მომანატრე თავი ბიჭო.