ნუ შემეცვლები
ნუ შემეცვლები ცაო ქართლისავ,
არ მოიკარო პირზე ღრუბელი...
შენი მზე მათოვს, სხივი მბარდნის და
შენა ხარ ჩემი ნავსაყუდელი.
ნუ შემეცვლები ალაგო წმინდავ,
შემოფლეთილო ქრისტეს კვართივით,
მე ის ვარ, ვისაც სიშენე სჭირდა -
სისხლიც და რჯულიც მიდგას მათივე.
მუდამ უაზრო სევდით გათოშილს,
ფიქრებმა ჩემში ვეღარ დამლუქეს,
რადგან ცრემლი ვარ, გურჯის ტაოში -
დაუცხრომელი სული მამლუქის...
რადგან ათასჯერ დათვლილს დავითვლი,
წარსულის გროშს რომ არ გავფანტავდე,
რადგან მიწაზე მეფე დავითის
მე მანძილი ვარ დარუბანდამდე -
ნიკოფსიითგან და მიწიერნო,
ნუ გამისინჯავთ ვაჟკაცს ტალავარს,
ნუ გაიკვირვებთ კაცის იერით,
როგორ მოვახტი ზეცის გალავანს...
ნუ შემეცვლები ქალო - მზე ქალო,
გულში რომ ლექსის ხანძარს მიჩაღებ,
სიკვდილად უნდა შემოვეყარო
შენს საკოცნელად მოსულ ყივჩაღებს!...
მუდამ ჩადრებში მალვა გიწევდა,
გაუძელ დროებს, ფანტე ქაოსი,
ნუ შემეცვლები ენავ ივერთა,
მე სიცოცხლე ვარ ვეფხისტყაოსნის!...
სწორედ ამიტომ ბედმა ჩამქარგა -
ანით ჰოემდე სულის თექაში,
ქართული სიტყვის არდასაკარგად
ეს ლექსი იყოს ჩემი ფეშქაში.
ბოლოს კი მაინც რწმენა მაქეზებს,
უფლის ჯვარია ჩემი სამძღვარი,
ახლად შეყრილი წვერიც სახეზე -
ჯერ ქართველობით არ ვარ გამძღარი...
თვალზე სიცოცხლის ცრემლი მომდის და
ასე მისველებს სხეულს მიწამდე,
ძალა მომეცი ქართველობისა -
ღმერთო უკუნით უკუნისამდე!