წიკლაური მარიამ
გაზიარება

ჩიტების შელოცვა 

სინათლის ღერებით ნაშენი ბუდე ვარ,
სიცოცხლის ტოტებში ღამის ხმა მარწევდა.
ჩიტების რეტდასხმულ ჟივჟივით ავსილი,
ისე ვარ, ცა როა ვარსკვლავით ნაწერი.
თენება სისხლია, ტანში ჩამიდგება,
გაბორჯავს სევდისგან მომთვარულ ყვავილებს.
სულის ჟრუნ სიხარულს – საცისკრე მოსავალს –
გალობის ჟრუანტელს – არასდროს დამილევს.
ბზარები ნაჭუჭზე ჩემი სიზმრებია,
ირაო ეზრდებათ ნაკრტენის ღინღლიდან.
სიჩუმე ვაბარტყე, სიკვდილის გრილ ჩეროს
ხმა _ ფრთებად გაშლილი, აჩქამებს ღიღინით.
ჩიტების მომკილი ხვავი მაქვს, მადროვე,
დგას ჩემი ღამის ხე სინათლის ყანაში,
გვირილებს სითეთრე აუდით ტანიდან,
მაცალე, მაცალე სიცოცხლის თამაში!
ნეტა მერამდენედ ვთენდებით, უფალო,
მზის ქნარს რომ ჩამოკრავს სულის ფრთა, ნაღამი,
მომფინეთ სამყაროს – ფერფლი სიხარულის,
გათენებასავით ჩვილი და ახალი.
ვყვავილობ, ვმწიფარობ საცისკრე ალიონს,
შენსავით, არც მე მსურს დალევა, ნათელო,
ერთად შევულოცოთ, ჩიტებო, განთიადს,
იქნება, დღე-ღამე დღეს მაინც გამთელდეს.
ვინ იცის, ვინ იცის, მეორედ მოსვლამდე
არც ისე შორია. . . ვკითხოთ განთიადებს.
ერთად შევულოცოთ, ჩიტებო, სამყაროს,
ღმერთო, სიყვარულშიც ეგებ გავმთლიანდეთ.
ან იქნებ არც არის საშველი?! ომია _
სულის ფრთის რომ მესმის _ პირველი შეკრთომა.
რადა ჰგავს სისხამზე ჟივჟივი ჩიტების
სიყვარულს, რომელიც არაფრით გეთმობა.

??????