ფანჩვიძე ლევან
გაზიარება

მე დამესიზმრა ექსკლიუზივი

წვიმდა და აღარ გადაიდარა,
ძლივს მიაღწია სულმა ხატამდი,
მე დამესიზმრა _ ვიყავ ნიკალა
და ფუნჯით ქართულ ზეცას ვხატავდი.
როცა სიცოცხლე ასე ტკბილია,
ვინ გაიმეტა ქართლი ესოდენ?
მე დამესიზმრა - ვიყავ ილია
და წიწამურთან ტყვიას მესროდნენ.
ვარ ყველა დროის თანამედროვე,
ფიქრით მივცურდი ნატვრის ყურემდი,
მე დამესიზმრა _ ვიყავ თევდორე
და ყიზილბაშებს თავგზას ვურევდი.
დაფიქრებული მოდის რიონი,
ცა იმერეთის მხიბლავს ტილოთი,
მესიზმრა _ ვიყავ გალაკტიონი
და თვითმკვლელობას
ჩემსას ვცდილობდი.
ვერ გამოვიცან სოფლის იგავი
ბეთლემის მხრიდან ქრისტეს მოსვლამდი,
მე დამესიზმრა _ ბერი ვიყავი
და სინას მთიდან მამულს ვლოცავდი.
რამდენი ლექსი დამრჩა უთქმელი,
მოქუხს არაგვად ტალღა სტრიქონთა,
მე დამესიზმრა _ ვიყავ რუსთველი
და სამშობლოდან ცრემლი მიმქონდა.
იორის პირას ცეცხლი მინთია,
დღე იმზირება ატმის ჩეროდან,
მე დამესიზმრა _ ვიყავ მინდია
და ჩემი სიბრძნის არვის სჯეროდა.
ვიდრე შემოვა მწუხრი ღამისა,
ჩემო ხატებავ, ჩემო ლერწამო, _
მომეცი თაფლი, უნდა წავისვა
და ცოტნესავით შენთვის ვეწამო!

??????