წიკლაური მარიამ
გაზიარება

პატიების დღე 

ფარა გამებნა 
და პატრონის რისხვისაგან, 
ერთადერთი _ სიკვდილი მიხსნის! 
მაგრამ სიკვდილს სადა სცალია: 
ცოდვა_ბრალი აქვს ასაწონი, 
ქვებზე _ საჯღაბნი, 
საკურთხები, ლეგენდები, 
ეჰ, რა ჩამოთვლის ... 
თანაც იქ მიდის, სადაც არასდროს ელოდებიან, 
მე, მომლოდინეს რას მესტუმრება... 
თვალებით სიზმრის ხავსს ვეჭიდები. 
სიზმარიც რა გალოკილი ძვალივითაა, 
აღარც ფერი აქვს შერჩენილი, 
აღარც _ სიმბოლო, 
ვეღარ ხსნის ჩვენი მოწევნადის
სასახლის ურდულს. 
უწინ მისნები, ქურუმები, ფარაონები 
ეკითხებოდნენ ჭკუას, ღვთისმოსავს, 
ახლა, ბებერი მეძავივით, 
ერთი ღამის თავშესაფარს ითხოვს თვალებში. 
ვიცი, მე ერთი ღამითაც რომ არ მესტუმრება, 
რადგან სიზმარიც სიკვდილივით 
იმასთან მიდის, ვინც არ ელის
და როცა არ ელის... 
არც იმას მეტყვის, 
სად გამებნა პატრონის ფარა, 
რადგან იცის, რომ მე არც მეფე ვარ და არც ქურუმი, 
რაიმედ მაინც რომ მიღირდეს მისი სიმართლე. 
ქარს რომ ექროლა, 
ხომ მოიტანდა, თუნდაც შორიდან, ერთი კრავის ხმას, 
ხომ ჩემს ექოსაც მიაწვდენდა გაბნეულ ფარას, 
მაგრამ ქარიც არ არის ახლა... 
ახლა წვიმებიც, ცრემლდამშრალნი 
სხედან უდაბნოს ოქროვან გვამთან, 
ხსოვნის დარანებს გამოღწეულნი, 
ელოდებიან მაცხოვრის მოსვლას, 
რომ ვინც კი მოკვდა ლაზარეს მერე, 
კვლავ აღადგინონ. 
არადა, წვიმა რომ ყოფილიყო, 
ქარიშხალი, 
ჭექა_ქუხილი, 
ვიტყოდი, ფარა დამიფრთხა-მეთქი... 
ამ სიმშვიდეში თავის მართლება როგორ გავბედო? 
ნეტავ ახლა მკვდარი მერქვას 
და პატიების მოლოდინი არ მაცდუნებდეს. 
სინანულში დაფვლა სულ სხვაა... 
ვერც ბალახი მოგიყვება ამაზე და ვერც ბილილები. 
ან რა უნდა თქვან, 
მე ხომ კენჭიც არ მებადა, წყალში მესროლა და 
მეთამაშა... 
არც ბადე მქონდა, 
არც არგანი, 
ფარაც გამებნა. 
ისიც არ ვიცი, იყო მართლა თუ 
ქვებზე, წყლისპირას, 
უნანიებელ წარმოსახვას ვმწყემსავდი ჩემსას...

??????