წიკლაური მარიამ
გაზიარება

მოგცლიათ, ერთი! 

საქმეს შევყევით, 
როგორც ყოველთვის. 
სინათლის ზვირთებს რომ შევყოლოდით 
ლურჯ ქვაბულებში მიმოქცევისას, 
გაგიჟდებოდა ჩვენი ქმარ-შვილი; 
ან სად გვცალია, მარგალიტი ვეძიოთ ფსკერზე?! 
ჩვენი სამყოფი ჭრელი კენჭები 
იმდენი გვაქვს... 
ბავშვებს ხშირად მუჭებით ვაძლევთ, 
რომ ითამაშონ და ტირილით არ გაგვაბეზრონ. 
კოჭის თავამდე გვწვდება ბოსტანშიც მწიფე მარჯანი. 
თევზის ფარას და ჩიტების გუნდსაც ყრმები მწყემსავენ, 
ჩვენ სად გვცალია სამაგისოდ, 
მოგცლიათ, ერთი! 
საქმეს შევყევით, ჩვეულებრივად, გამთენიისას, 
დედამიწა ჭრიალით რომ შემოტრიალდა 
ჩვენი დაღლილი ხერხემლის ღერძზე, 
რომ მის პრიალა სარკეებში მზეს ჩაეხედა 
და ეკითხა: 
“არისო, ვინმე, ჩემზე ლამაზი?”, 
საქმეს შევყევით 
და ჩვენთვის ჩუმად ჩავილუღლუღეთ: 
“მოგცლიათ, ერთი!”… თან გახეხილი ქვაბის პირზე 
შევავლეთ თვალი საკუთარი სახის ანარეკლს, 
თმა ნაჩქარევად ჩამოვიწენით 
და მათრახივით გადავუჭირეთ 
თეთრ მთვარეს, შორს რომ გაქცეულიყო, 
და მის მოსვლამდე მეტი საქმე მოგვესწრო ქალებს. 
არც ვარსკვლავების კაფსულებში 
ჩატენილი სიზმრებისთვის არა გვცალია, 
ეგ აბები არასოდეს გვიყლაპია სავსემთვარისას, 
უსაქმურებმა იმკითხაონ ვარსკვლავის ფეტვზე, 
ერთადერთი სიზმრის ფურცელიც, 
კაბის ჯიბეში გადანახული, 
გვყოფნის დასტურად, რომ ის ვიხილეთ. 
ისევ ის დღეა, 
პირველად რომ იყო, ისაა. 
არ შემეშლება, 
ზეპირად ვიცი, მკვდარიც ვიცნობ, მოვიდა ისევ… 
საქმეს შევყევით: 
ვკემსეთ, ვფერთხეთ, ვხარშეთ, ვალაგეთ, 
ვამზეურეთ და ვანიავეთ მთელი სამყარო, 
ვაცხვეთ იმედის და ბედის კვერი, 
შევფუთეთ და ბალიშის ქვეშ ამოვდეთ, რომ 
მზად გვქონოდა თავისმართლებად 
სტუმრისა თუ მასპინძლისათვის. 
მისი სურნელი მარმაშივით მოვლებია დაგვილ ეზო-კარს, 
ზედ ჩამომსხდარან პეპლები და ოქროს ფუტკრები, 
თეთრი მერცხლებიც შევიკედლეთ სხვენში გუნდებად, 
ღრმა ჭიდან წყალიც ამოვიღეთ იმაზე მეტი, 
ვიდრე დოქი დაიტევდა, მგზავრი დალევდა, 
ვიდრე ფქვილი შეიზელდა 
ან ყვავილის ფესვი შესვამდა. 
და როცა ისევ გაიჭრიალებს დედამიწა, 
ძროხასავით მიაბღავლებს ჰორიზონტის კარს, 
იმ ბალიშზე მივდებთ ხოლმე, დაღლილი, თავებს, 
რომლის ქვეშაც კვერის 
ტკბილი სურნელია ჩაგუბებული. 
დაგვესიზმრება ცხელი უდაბნო, 
ბაობაბებზე კონწიალა ფეხშიშველი ქარები და 
სიზმრებიდან გამოპარული ციცინათელა. 
ნეტავი, სადმე, იმ ცხელ ქვიშაში ჩამადებინა 
ეს დაღლილი ტერფები ახლა… 
ღამეებიც სავსე გვაქვს ფიქრით, 
ვერაფრით რომ დატეულან 
ჩვენს ტოტებზე, ფრინველებით სავსე ტოტებზე 
ისე ვთვლემთ, თითქოს 
ძილშიც სადღაც უნდა გავფრინდეთ, 
სამყაროს იქით, 
საითკენაც ჩვენი ბედის კვერი მიგორავს, 
სადაც მიგველის ბედნიერება.… 
დილაადრიან ისევ საქმეს შევყვებით ხოლმე 
და ვიტყვით ასე: ”მოგცლიათ, ერთი!”, 
გუნდ-გუნდად რომ ჩამოივლიან 
მომლოცველები როჭიკობისას, 
თან მადიანად ილუკმებიან ჩვენს ნაწყალობევს… 
“ნეტაი მაგათ, ეს ბორბლის ღერძი მაინც გაპოხონ, 
რა მძიმედ და ჭრიალით ბრუნავს, 
ასე როდის უნდა ჩავიდეთ” 
და თავად ვიწყებ ძველ კარდალაში საცხის დუღებას 
ბავშვები კი ჭრელი კენჭებით 
სათამაშო გოდოლს აგებენ 
და ეჩვენებათ, 
რომ ჰა, და მისწვდნენ საცაა ზეცას! 
ნეტაი თქვენ, მოგცლიათ, ერთი!…

??????