დრო ექსკლიუზივი
მინდორი... მამას ვეჭირე ხელში,
მახსოვს, გვეძახდა დედა შინიდან.
ყველაფერს ერქვა თავის სახელი
და ყველაფერი როგორ გვშვენოდა!
ახლაც მინდვრად ვარ, მარტო, და ვხედავ,
მოდის ნათლია _ დრო უსახელო,
ის არის მოწმე, ჩვილი სამყარო
პირველად თვალებს როგორ ახელდა.
მოდის ნათლია და სახელს არქმევს
ყველაფერს. ნათლავს სხივით ახლიდან,
დიდ სასახლეებს სულ პაწაწინა
ჭვირში მორგებულ სიტყვით გააღებს.
ვყურყუმალაობ დროის ემბაზში,
სხეული _ მიწის, სული _ ჰაერის,
ის ყველას ისეთ სახელს აჩუქებს,
რომელსაც არვინ არასდროს ელის.
მინდორში ისევ ვიხსენებ მამას,
თითქოს გვეძახის დედა სახლიდან,
ვიცი, ყველაფერს ირგვლივ სახელი
რომ დაერქმევა ისევ ახლიდან.
ყვავილს ვკრეფთ, ვისვრით წყაროში კენჭებს,
ჩრდილს ვეფარებით და ვიწყებთ გათვლას.
ვიცი, რომ მერე, ჩვენს მერე მოვა
ის დრო, რომელშიც ვიცხოვრებთ მართლა.