წიკლაური-ძიძიგური მარიამ
გაზიარება

სადა მთავრდები, სიკვდილო ექსკლიუზივი

სადა მთავრდები, სიკვდილო,
სად არის შენი სამარე,
მოვიდე, გულით გიტირო,
მერე დავძახო ჰარალე.
შესანდობარი დავლიო,
თან შეგიკურთხო დედაო,
რა ხარ ეგეთი, ტიალო,
შენს გარდა ყველა კვდებაო.
იქნება გუთნისდედა ხარ,
სიცოცხლედ გვთესავ, ღვთიანო,
მაგ შენ ნაოფლარ-ნაბელტარს
კაცნი სამარედ თვლიანო.
მაშ რისთვის აგითვალწუნეთ,
რად გვზარავს შენი გარჯაო,
მიწად გვთეს, ზეცად _ ამოვალთ,
ვერ კი გვლევ, ვერა გვხარჯავო.
შენი ნაჭირნახულევით
ივსება უფლის ბეღელი,
არც არვინ დაბადებულა
საშენოდ პირისმტეხელი.
პატრონო, სახელდამდებო,
ქვის ყანა გიმზეკაბანებს,
გზად ანგელოზებს გვახვედრებ
და საპატრონოდ გვაბარებ.
გვმოსავ და გვარგებ სხეულზე
მიწის უკერებ კვართსაო,
მირონადა სდის ბალახი
მაგ შენი საყდრის კარსაო.
ნეტა სად დაიმარხები,
სად დამთავრდები, სიკვდილო,
თუ, თავს დაიხრავ, გამოსძოვ,
გარეთ გამოხვალ, მზის მღილო?
მიწად _ ნუგეშო ჭირისა,
ცად _ ვარსკვლავების მკრეფავო.
რა იქნებოდა, სიკვდილო,
მარტო სამოთხე გებაროს.

??????