ცხვედიაშვილი მარინე
გაზიარება

მხატვარს ექსკლიუზივი

ჯემალ კუხალაშვილს
თუ ვაჟკაცია, ეგ სამსალა მეფემ დალიოს,
ოსტატის დელგმა გაურიოს დღეთა ანცობას,
იქნება მერე შენი ქოხიც ებეთანიოს,
ანდა მიგიხვდეს,
როგორ უძლებ ნიჭს და კაცობას.
ვერსაცნაურო, შემოქმედის
ხვედრო _ მტანჯველო,
შენი ხალათი ვერც გულადმა მეფემ ატარა,
ოდესღაც თურმე კაცად მოკვდა
მიქელანჯელოც,
მაგრამ თვით გამჩენს
ღმერთკაცადაც ეპატარავა.
შენი სამკვიდროც ჩამოაგავს საუფლო ედემს,
ცასთან ახლოა, რიალებენ თეთრი ბლონდები,
მაგ ფრთამოტეხილ გაზაფხულებს
რა ვუყოთ მერე,
მაზირთ მდელოზე
ხსნასავით რომ ამოგნოლდები.
პურის ყანაში, სამრეკლოზე გდევდა სიათა,
ბედისმწერალმა ვერ მოგზომა, ვერ გიარშინა,
ხალხს რომ ეგონა,
შენს სულს ყიდდა ვითომ იაფად,
არსთა გამრიგე ძეგლად გკვეთდა
თურმე მაშინაც.
რაც მიწის იყო, ამბობენ რომ უკვე ცისაა,
ჟამთან მოდავეს გსწორფერობენ
სიზმრის დედები,
ეს საუკუნე ახლა მხოლოდ ხუთი წლისაა,
მაგრამ თქვენ ერთად
ვერასოდეს ვერ დაბერდებით.
შენ დრო დააბი უკვდავების სადარ მდელოზე,
ეტოლმეტები „ლილეოს“
და თავად „ჩაკრულოს,“
საფლავდაკარგულ
ფიროსმანის საქართველოზე
მილურსმულო და
ქრისტესავით ჯვარზე გაკრულო.
შენი ყისმათი ოდითგანვე ფარსმანსპარსობდა,
დარდუბალობდა სალიერთა ჯარის სარდალიც,
და შენ კი,
როგორც ბედისწერის გარდუვალობა,
იყავი ნაღდი, უდრეკი და
ცამდის მართალი.
... თუ ვაჟკაცია,
ეგ სამსალა მეფემ დალიოს,
მართლა დალიოს
და გაიგოს კაცთა მისნობა,
იქნება მერე მხატვრის ქოხიც ებეთანიოს _
შენი სულიდან
ამოზრდილი მარადისობის.

??????