შაინიძე ჟუჟუნა
გაზიარება

დავაგვიანე ექსკლიუზივი

ლექსების კრებულს "სიყვარული"
მაღაზიაში ვერ მივუსწარ...
 
 "სიყვარული" რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, უსათუთეს ლიანებს,
"სიყვარული" რიგდებოდა და მე დავაგვიანე !
რიგში იდგნენ ჭაბუკები, თუმც უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით,
სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,
"სიყვარულის" რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი,
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო,
რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო,
მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო,
სხვისი წილი "სიყვარული" სახლში როგორ წამეღო !
სიყვარული დამითმეო– ვისთვის მეკადრებინა,
სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა!
"სიყვარული"  რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო, იღვიძებდა გაზაფხული იაში,
სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც მივეახლე კითხვიანი თვალებით,
"სიყვარულით" ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები,
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული,
და გამყიდველს ისიც მისთვის ჰქონდა გადადებული!...
მზე ჰკოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს,
"სიყვარული" რიგდებოდა და მე დავაგვიანე.

??????