პარასკევი ჩემი დღეა ექსკლიუზივი
სიზმრის კარებს მიეყრდნობა
ბინდის ტვირთით მხრებზე.
`პარასკევი შენი დღეა,
დაიმახსოვრებდე!~ _
მეუბნება.
ვერას ვხვდები.
არ წახვიდე! _ ვნატრობ.
რატომ, სიზმრის მამაჩემო,
პარასკევი _ რატომ?
სიზმრის კარებს მოაცილა
მხარი სიზმრისავე:
`პარასკევი შენი დღეა~...
და შეუყვა შავეთს _
გზას თავისი შინისაკენ
და დამტოვა მარტო.
რატომ, ჩემო მკვდარო მამავ,
პარასკევი _ რატომ?
იქნებ ჯვარი შემახსენე,
ჯვარედინა ჯვარი,
ოთხშაბათით ფესვგამძღარი,
ოთხშაბათზე მდგარი,
ჩემი წილი,
მკლავწითელი,
ჯვარი ჯვარედინა,
გაძლების და ძლივს გაძლების,
ვერგაძლების ბინა.
მჭამს თაკარა პარასკევი...
პარასკევის პატრონს,
არ იქნება, არ წამოსცდეს _
რატომ, მამავ, რატომ?
და მიმათრევს ჩემი ჯვარი,
და გლოვისას მღერენ...
ნუთუ მხოლოდ პარასკევი
და არც რაი მერე!
ვინ გვიმალავს ჩვენი წილი
მესამე დღის ჩეროს?
რატომ მხოლოდ პარასკევი,
სიზმრის მამაჩემო!
ამ ტკივილსაც თუ გავცდები,
ამ დამარხულ ფერებს,
გამახსენე! _
ოთხშაბათი...
პარასკევი...
მერე?
... ცისკენ ვახელ გამხმარ თვალებს,
ჯვარსა ზედა მზირალს;
კენწეროზე ჩიტი ბარტყობს _
მწყალობელი კვირა.