*** "შენ ახალგაზრდა რჩები მარად" ექსკლიუზივი
გარდაცვლილ მეუღლეს
შენ ახალგაზრდა რჩები მარად,
მე წლებს ვეხლები,
მოვა დრო, როცა თანატოლნი
ერთურთს შევხვდებით,
შენ გამიღიმებ მარმარილოს
შავი დაფიდან
იგრძნობ, ტკივილმა გული ჩემი
როგორ დაფლითა!
მე ცრემლებით და ყვავილებით
მოგესალმები
(გახსოვს, გიყვარდა იები და
იასამნები?!P)
ო, ეს იქნება პაემანი
ჯერ არსმენილი.
ზეცა იქნება ცისარტყელით
გადასერილი...
ო, ეს იქნება პაემანი
ჯერ არნახული,
(იცი ამ დღისთვის
ღიმილიც მაქვს გადანახული!)
შენ ახალგაზრდა რჩები მარად
მე კი ვბერდები,
ვიცი, მოვა დრო,
თანატოლნი ერთურთს შევხვდებით
და მხოლოდ ღმერთი,
ღმერთი გაგვცემს პასუხს კითხვაზე,
ეს სად მოხდება _
ზეცაში თუ დედამიწაზე!