წიკლაური მარიამ
გაზიარება

აივსე კალთა, დედაკაცო! 

მეტს რომ ვერაფერს ეღირსო, რად ღირს, 
გათენებას და დაბინდებას რომ ნახულობ ყოველდღე კაცი?! 
თითქოს სამყაროს მამაშენის ვალი ემართა, 
მოაგორებენ სინათლის ზვინებს 
ჭიკჭიკშებმული ჩიტის ურმები 
და ეზოში სასწაულს სტვენენ. 
სასწაული იმოდენაა, ვერც იტევს ეზო, 
სამკვიდრელი ევიწროვება, 
ჰოდა, დინჯად გადაალაჯებს ღობეებს და 
მთა-მთა ნათდება. 
ყველა შეჰხარის ღამის სიშიშვლეს, 
ყველას უნდა, სინათლეს რომ ხელი წაავლოს და ბედი სცადოს. 
ვერცა ხვდებიან, ვინც დღეებს ასე ეთამამება, 
არაფერი შერჩება ხელში. 
უნდა ეკრძალო! 
ნათელი კვალი ჰქონია ღამეს, 
ნაფეხურებში ჩამდგარ სინათლეს შესცქერი და ისე იკვირვებ, 
თითქოს გარედან შენს თავს უყურებ. 
ვერც იჯერებ, ეს რა მოგსვლია, როგორ ჩაზრდილხარ, 
მოსდებიხარ არარსებობას. 
სანამ დღის ქვევრში ჩაიწრიტება გალობის სიტკბო, 
სანამ მზით ამ ქვევრს თავსაც მჭიდროდ გაუგოზავენ 
და ხმაურიც ცამდე აივლის, 
კოჭებამდეღა შემოგწვდებიან ჰორიზონტები შენი აივნის. 
გაიკვირვებენ, როგორ გაზრდილხარ, 
სულ რაღაც გუშინ მაგ აივნის ჭვირებიდან იჭყიტებოდა 
სტრიქონის ბოლო, 
დასალიერი რომ გეგონა და გიკვირს ახლა, 
შენი ეზო ღობეს ისე გაშორებულა, 
თითქოს აპირებს დედამიწის პალოს მორყევას, 
იქნებ გაწყვიტოს კიდევაც თოკი, 
აიშვას და დაბინდებამდე დაიაროს დარანთა კიდე. 
დამთქნარებასაც ვერ მოასწრებ, ცხოვრებას - უფრო, 
ხედავ ბრუნდება ბინდი ძაღლივით, 
უხმაუროდ, კუდის ქიცინით შემოიყოლებს უკანვე სივრცეს, 
ვიღაცის ხელი მიწას ალურსმავს ცეცხლისფერ მწუხრებს – 
ჭრიჭინების ჩაქუჩის ხმაა. 
ხეებზე გაკრულ შიშს ფერდიდან დასდინდება ციცინათელა. 
სიმღერას იწყებ და მღერი, მღერი, რომ გაიტანო სული დილამდე, 
ეზოს ბოლოში დახუჭავ თვალებს, 
აკვიატებულ ფრაზასავით უკითხავად მთავრდება ძილი 
და საკუთარ თავს იწყებ ისევ: 
ჩიტის ნისკარტით დაკვალული დილის ბოსტანიც მოსარწყავია, 
ბალახებში გახლართული ნიავიც ხომ უნდა გამოხსნა, 
რა დროს ძილია, დედაკაცო, 
გადაიცვი გაცვეთილი პერანგი და კალთა აივსე,აივსე კალთა! 
ისე ასხია სიხარული ამ დილის ბაღებს, 
ხელის აწევაც არ დაგჭირდება, 
აიკეცე კალთა და დადექ! 
აგევსება, დაგიმძიმდება 
ვერც ვერავინ დაიჩემებს – ჩემი მოწყვიტა! 
შენი იქნება შენი კალთის ტკბილი სიმძიმე. 
ღამეები მხოლოდ შენთვის გათენდებიან, 
აივსე კალთა, დედაკაცო! 
ფეხშიშველი გააბოტე ცისკრის ნაპირზე, 
დაასწარი სიხარული საკუთარ თავსაც, 
დაიჩემე მთელი სამყარო! 
არაუშავს, ნეტაი შენ, არასწორად შეგიკრავს ღილი, 
ვინ დაგინახავს, 
ჯერ ადრეა გათენებამდე, 
სიყვარული კი თვალგახელილი არასდროს დადის

??????