პოეტი
ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა;
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.
ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათავხედია:
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია.
ენაც მას ამბობს, რაც სმენას
სხვისაგან გაუგონია;
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია!
თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუაკაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.