მკერდი ექსკლიუზივი
როცა ბერდები,
მკერდი ანაქრონიზმად იქცევა,
უყურებ მათ, როგორც ჩამოყრილ ყურებს
ცხოვრების წინაშე
და გიკვირს (ადრე გიხაროდა)
რა საჭიროა წინ წაწეული
(ცხვირისა არ იყოს)
ადგილები შენი სხეულის.
ორივე ხელით მიაწვები ჩასაბრუნებლად
იმ წიაღში,
საიდანაც ერთ დროს იყვნენ ამოფრქვეული.
ეჰ, მკერდნო,
არასდროს ყოფილხართ
დედოფალი ანდა მამფალი.
მაგრამ ღია გქონდათ
ბავშვებისთვის დიეტური
სასადილო, თავშესაფარი.