ბერიძე სანდრო
გაზიარება

სიცოცხლისათვის ექსკლიუზივი

ახლა, როდესაც ვარდების თოვლი
ასე ლამაზად ფრიალებს სულში,
მე ატეხილი ჭალების მოვლით
მერმისში მიმაქვს სიცოცხლის ნუში.
თხმელიწყაროზე ირემი ბღავის,
ლერწამს ბულბული უზის ღეროში,
გზას სიარული ვერ დალევს მაინც
ხელისდადება საქართველოში.
გულმა ოცნება ოცნებას შერთო
და იშვა ასე სიმღერა გრძელი.
მე მინდა დიდი ცეცხლივით ვენთო,
რომ ყველამ ჩემზე გაითბოს ხელი.
გადარეულან ფერები ფერში,
მზეს მიჰყავს ცაზე სხივთა ამალა,
ამ ფრთაფარფატა ღიმილის ჩქერში
სირცხვილით უნდა ცრემლებს დამალვა.
მიდის და მიდის გზა უსასრულო,
ხოხბებს ვესროლე ლექსი მყივარი,
რა გატირებდა აქამდე, სულო,
ეს აღმაფრენა თუ სატკივარი?!
ცისარტყელები ჩანან რკალივით,
ცას ჩამოანგრევს გაფრენა ორბის
და ფატაწაკრულ პატარძალივით
თეთრი სიცილით სიცოცხლე მორბის.

??????